„ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ" - ბერძენიშვილის კომენტარი თავდასხმაზე

პუბლიკა

„ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ. კვერცხი მე არ მომხვედრია, მანქანას მოხვდა“, – ასე ეხმაურება ლევან ბერძენიშვილი მასზე თავდასხმის ფაქტს.

მისი თქმით, მოქალაქე, რომელიც მას თავს დაესხა, ხელისუფლების სახეა, რომელმაც ლაპარაკის ნაცვლად დედის გინება იცის.

„მოქალაქე იყო, რომელმაც დამინახა თუ არა ერეკლე და დედის გინება ერთად მოაყოლა. პროვოკატორი იყო. არ გაჩერდა იმიტომ, რომ მე მანქანისკენ მივდიოდი, არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ მოახერხა, გამომიყვანა წყობიდან და ჯიბიდან კვერცხიც დააძრო და ისროლა. ეტყობა, ასე ძალიან მოქალაქეები…

ესაა მათი სახე, ჩვენი ხელისუფლების სახე არის ეს დებილი მოქალაქე, რომელმაც ლაპარაკი არ იცის, სამაგიეროდ, იცის დედის გინება და  რომელსაც ხსნილი აქვს, რომ  შეუძლია, გააჩეროს სხვა მოქალაქე და დედა აგინოს. ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ.

კვერცხი მე არ მომხვედრია, მანქანას მოხვდა“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

თავდაპირველად ეს ინფორმაცია გამოცემა „ტაბულას“ რედაქტორმა, ცისია კირვალიძემ გაავრცელა სოციალურ ქსელში. მან დაწერა, რომ შეესწრო ფაქტს, როდესაც ლევან ბერძენიშვილს ჭავჭავაძის გამზირზე თავს დაესხნენ და მოღალატე ეძახეს.

„5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს – ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მოღალატე ეძახა;

ამას ახალისებს „ქართული ოცნება“ თავისი მართული ბნელებით და ყველა იმ ადამიანით, ვისაც ჰგონია, რომ ერეკლე მეფე უნდა დაიცვას ბერძენიშვილისგან. ძალიან შემრცხვა”, – წერს „ტაბულას” რედაქტორი.

„პუბლიკა” შინაგან  საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.