ასეთი ბულინგით, თავდასხმით ცდილობენ, აზრის გამოთქმის საშუალება ასე თამამად არ მქონდეს - იოსელიანი

პუბლიკა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მასზე თავდასხმითა და ბულინგით ცდილობენ, აზრის თამამად გამოთქმის საშუალება არ ჰქონდეს. ამის შესახებ ომბუდსმენმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

სახალხო დამცველი გამოეხმაურა მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელზე, როინ მეტრეველზე მომზადებული სიუჟეტის შესახებ მისი FB-სტატუსის შეფასებებს.

„ცუდი კი არ მითქვამს ამ ადამიანზე რამე, ვინც ეს გააკეთა, უბრალოდ ვთქვი, რომ ეს არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, იმიტომ, რომ შეიძლება ამაზე კარგი რამეც გააკეთო, ხომ?! საბოლოო ჯამში, მე რა ტენდენციაც დავინახე, რომ მე, როგორც ერთ მოქალაქეს, მით უმეტეს როგორც სახალხო დამცველს, აი ეს თავდასხმით, აი ასეთი ბულინგით რაღაცნაირად ცდილობენ, რომ სხვა დროს ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება ასე თამამად არ მქონდეს. ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება. ეს აზრი მარტომ მე კი არ გამოვთქვი, სხვებმაც გამოთქვეს, უფრო მძაფრი ფორმით, მაგრამ არავისზე მომხდარა ასეთი თავდასხმა“, – ამბობს ის „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ლევან იოსელიანმა განმარტა, რომ მან გამოხატა პირადი აზრი, რომ არ მოსწონს მსგავსი ჟურნალისტური პროდუქტი, რადგან არ მოსწონს, როცა ადამიანს „ატყუებენ, აბუჩად იგდებენ, ამცირებენ, მით უმეტეს, როცა ეს ეხება ხანში შესულ ადამიანს“. მისივე თქმით, თუ რამე დანაშაულის მტკიცებულება არსებობს, ეს სხვა საკითხია და შესაძლებელია სხვანაირი სიუჟეტის მომზადება.

„არც ის მომეწონა, რასაც დაჰპირდა [როინ მეტრეველი ჟურნალისტს], როგორც უპასუხა, მაგრამ ეს კომუნიკაცია ხომ დაგეგმილი იყო ისე, რომ მან არ იცოდა, ვის ელაპარაკებოდა… შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი იყო პიროვნებისთვის. ამაზე გამოვთქვი ზომიერად აზრი და ბოდიში, აზრის გამოთქმის უფლება მაქვს“, – თქვა მან.


მთავარი არხის ჟურნალისტმა, ბექა ყორშიამ, ჩაატარა ექსპერიმენტი. იგი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, როინ მეტრეველს, ტელეფონით დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აპარატის მრჩეველი. მან როინ მეტრეველს პრემიერის აკადემიკოსად არჩევა სთხოვა, რასაც მეტრეველი მაშინვე დასთანხმდა და ღარიბაშვილთან 5-წუთიანი აუდიენციაც ითხოვა.

„83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია“, – დაწერა მეორე დღეს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.