„ასეთი კანონები არ არის გზა ევროკავშირისკენ" — EU-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები

პუბლიკა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, რუსული კანონს არაფერი აქვს საერთო გამჭვრვალობასთან, ის მიმართულია, რომ გააჩუმოს სამოქალაქო სექტორი.

რუსული კანონის დამტკიცების ფონზე საქართველოში ჩამოვიდნენ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი შეხვდნენ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ერთობლივ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირს დააშორებს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო კანონი გაიწვიოს პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ.

„ჩვენ საქართველოში ჩამოვედით 2 მესიჯით. ერთია მესიჯი ხალხის მიმართ – მოქალაქეების 86%-მა პროცენტმა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას, უნდა იცოდეს, რომ ევროპა მათ გვერდით დგას. მეორე მესიჯია მთავრობის მიმართ – ჩვენ არ მოვტყუვდით, რომ კანონს, რომელიც დამტკიცების პროცესშია, კვლავაც, მიუხედავად მესამე მოსმენით მიღებისა, რომ მას არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან, მიუხედავად იმისა, რომ ის ასეა წარმოდგენილი.

ჩვენი კოლეგებისთვის ჩვენს ქვეყნებში აქამდეც ნათელი იყო, რატომ ეძახიან ამ კანონს რუსულს. დღეს ჩვენთვის ცხადია, რომ ეს კანონი არის სამოქალაქო ინსტიტუტების, ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობის პოლიტიკებს და რომ ეს კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნას სამოქალაქო ორგანიზაციების გასაჩუმებლად. ეს კანონი შეუსაბამოა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპებისთვის”. – თქვა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.

რაც შეეხება მმართველი პარტიის ნარატივს „გლობალური ომის პარტიის” შესახებ, ლანდსბერგისმა უპასუხა, რომ ასეთი ერთადერთია – ოფიციალური მოსკოვი.

რაც შეეხება მარგუს ცაჰკნას, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ გზავნილი, რასაც ევროკავშირში ჩაიტანენ ისაა, რომ „საქართველო არ ადგას სწორ გზას”. 

“მთავარი მესიჯია, რომ საქართველოს მთავრობას არ შეუძლია, სათანადოდ არ შეაფასოს ის, რაც უკვე გადავწყვიტეთ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. ვსაუბრობ, ვიზალიბერალიზაციაზე, ბევრ სხვა ასპექტზე.

რა თქმა უნდა, თუ ყველაფერი უფრო ცუდისკენ და ცუდისკენ მიდის. ჩემი პოზიცია ნათელი იყო – ევროკავშირს შეუძლია, სანქციები შემოიღოს. რა თქმა უნდა, ევროკავშირს საერთო სანქციების შემოღებისთვის კონსენსუსი სჭირდება, მაგრამ წევრი სახელმწიფოებიც გვყავს”. – თქვა მარგუს ცაჰკნამ.

2024 წლის 14 მაისს მმართველმა პარტიამ და მათმა სატელიტმა დეპუტატებმა ხმა მისცეს რუსულ კანონს.

მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად” გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ.