პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის წყალტუბოში გამოისყიდის უკლებლივ ყველა – 22 სასტუმროსა და 9 აბანოს. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ „ის პირადად ჩაუდგება სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს“.
„პუბლიკა“ ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელს ესაუბრა.
„კარგია, რომ ვიღაცამ იფიქრა, რამე კარგი გააკეთოს. ნამდვილად არა ვართ ჩასაფრებულები. ყველაზე მეტად ჩვენ, კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ვაფასებთ იმ ღირებულებას, რაც წყალტუბოში გვაქვს, ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, რომ მოხდეს ამ შენობების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება ასეთი რესტავრაციებისა და რეაბილიტაციებისა, რომლებიც იწყება და არ ვიცით, საით წავა“. – ამბობს ამაშუკელი.
როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო შენობების პრივატიზებამდე?
ამაშუკელი აღნიშნავს, რომ შენობების ნაწილი სახელმწიფოს მფლობელობაშია და სანამ გაიყიდება, მანამდე უნდა შედგეს განვითარების კონცეფცია და კონცეფციის მიხედვით – სარესტავრაციო პროექტები.
ამ დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ კი შენობების გაყიდვა რელევანტური იქნება, რაც გარკვეული გარანტია გახდება, რომ საბჭოთა არქტიტექტურის ნიმუშები წყალტუბოში დაცული იქნება.
„ეს იქნება გარანტი, რომ ახალ მფლობელს ეცოდინება, რისი გაკეთება შეუძლია მას. ეს არის ერთადერთი დაცვის მექანიზმი. როდესაც ასე დაჩქარებულად იყიდება, ყველანაირი დოკუმენტაციისა და პირობების გარეშე, მერე აღმოჩნდება, რომ ობიექტები არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში კონსტრუქციული თვალსაზრისით, ფუნქციურად არ არის შესაბამისობაში თანამედროვეობასთან და იწყება მაშინ მესკუთრისგან მოთხოვნები და სპეკულირება, რომ დაანგრევს, ფულს ჩადებს და ა.შ.“. – გვეუბნება თამარა ამაშუკელი.
მისი თქმით, წყალტუბოს შენობების ამბავი შესაძლებელია ორი ცუდი სცენარით განვითარდეს. საბჭოთა შენობები კონსტრუქციულად და ფუნქციურად ვერ მოერგოს თანამედროვე მოთხოვნებს, რის გამოც მეპატრონემ შეიძლება მისი გადაკეთება ან/და მისი დანგრევა მოისურვოს. ასევე, შესაძლებელია, ახალმა მესაკუთრემ შენობები სულაც დააკონსერვოს, რაც ასევე გამოიწვევს მათ ნგრევას.
„ეს კინო ჩვენ ნანახი გვაქვს არაერთხელ და ამიტომაც ვშიშობთ. არ ვიცი, ვის ვთხოვო, როგორ ვთხოვო. ჩვენს თაობას თუ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ წყალტუბო გადაარჩინოს ისე, როგორც ახლა არის, რომ საბჭოთა არქიტექტურისგან მართლაც შეიქმნას საბჭოთა არქიტექტურის ღია მუზეუმი, უმჯობესია, რომ თავი დავანებოთ, დავუტოვოთ შემდეგ თაობას“, – ამბობს ის.
რატომ არ აქვთ წყალტუბოს საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშებს ძეგლის სტატუსი?
ამაშუკელს შენობებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხზეც აქვს კითხვები. ის ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის მარტში აცხადებდა სააგენტო, რომ 2 თვეში მზად იქნებოდნენ 14 შენობისთვის ძეგლის სტატუსი მიენიჭებინათ.
„დღემდე ეს ასე არ არის. რატომ? იმიტომ რომ სახელმწიფო ფიქრობს, ესა თუ ის ობიექტი საინვესტიციოდ არის საინტერესო და ამიტომ უფრთხის მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას, რადგან ძეგლის სტატუსი მისთვის დამაბრკოლებელია.
ასე მოხდა რიგ შემთხვევაში. მაგ: იმელზე, ასევე „ზარია ვასტოკაზე“, ასევე „ჩაი გრუზიაზე“, სამივე ობიექტს თავის დროზე არ მიანიჭეს, ან მოუხსნეს ძეგლის სტატუსი“,-ამბობს ამაშუკელი.
თამარ ამაშუკელის თქმით, წყალტუბოში შენობების ახალი მფლობელის პირობებში მოლოდინი, რომ სპეციალისტები ჩართულები იქნებიან რეაბილიტაციის პროცესში არ აქვს.
„არ არის აუციელებელი რომ ჩართულები ვიყოთ, ჩვენ არ ვითხოვთ ჩართვას, ჩვენ ვითხოვთ, რომ გვანახონ რას აკეთებენ“.
წყალტუბოს განვითარების მცირე ისტორიული მიმოხილვა – რას გვეუბნება თამარა ამაშუკელი
„წყალტუბოს სამკურნალო წყლების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ცნობილი იყო შუა საუკუნეებში. უკვე მე-18 საუკუნეში სამკურნალო წყლების შესახებ ინფორმაცია გვხდება სამეცნიერო გამოშვებებში.
1920 წლიდან წყალტუბოს მიენიჭა კურორტის სტატუსი. აქედანვე იწყება მშენებლობებიც. 1920-იან წლებში შენდება დაახლოებით სამი სანატორიუმი, მათ შორის არის სანატორიუმები „ფაზისი“ და „წყალტუბო“. „ფაზისი“ აღარ არსებობს, მაგრამ წყალტუბოს ნარჩენები ჯერ კიდევ შემორჩა.
უფრო მასშტაბური მშენებლობები წყალტუბოში იწყება 1930-იან წლებში. მას შემდეგ, რაც ნიკოლაი სევეროვი აკეთებს წყალტუბოს განაშენიანების გენერალურ გეგმას. კურორტის შუაში გეგმარდება ძალიან დიდი პარკი, შადრევნებით. ხელოვნულური ტბით, სადაც უნდა განთავსდეს (და განთავსდება კიდეც აბანოები). ამ პარკის გარშემო არის წრიულად განლაგებული სანატორიუმები.
1930-1950-იან წლებში წყალტუბოში მიმდინარეობს ყველაზე ინტენსიური მშენებლობა. აშენებს ყველა ცნობილი არქიტექტორი, ვინც ამ პერიოდში მოღვაწეობს საქართველოში.
საინტერესო ის არის, რომ საბჭოთა არქიტექტურა იყოფა სამ ნაწილად, ეტაპად – კონსტრუქტივიზმად, სტალინურ ამპირად და შემდეგ უკვე მოდერნიზმად. სამივე ეტაპი მეტ-ნაკლებად არის წარმოდგენილი ძალიან პატარა ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ყველაზე ცოტაა კონსტრუქტივიზმი, რადგან უკვე სტალინურ პერიოდში მას ებრძოდნენ და ხშირად ფასადებს უცვლიდნენ.
90-იან წლებში ამ შენობების ძირითად ნაწილში დევნილები შეასახლეს, რამაც გამოიწვია ინტერიერის დაზიანება, მაგრამ გვაქვს რამდენიმე შენობა, სადაც შენარჩუნებულია ინტერიერი და მათ შორის არის სანატორიუმი „მეშახტე“, რომელიც ყველაზე შთამბეჭდავი და პომპეზურია“.