ზურაბიშვილი: ასეთი სამარცხვინო არაფერი მინახავს, „ღირსებით ჯოჯოხეთისკენ"

პუბლიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო ბანერებს ეხმაურება — მმართველი პარტია წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების, ტაძრების, საკლასო ოთახების, ავტობუსების ფოტოებს იყენებს წარწერებით: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“.

„ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს… რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბ-ს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ!… „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ“. – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ წინასაარჩევნო პროპაგანდისტული „ოცნების“ ბანერზე ერთ მხარეს ჩანს რუსეთის მიერ 2022 წელს დაბომბილი მარიუპოლის თეატრი, რომელსაც ათასობით ადამიანი აფარებდა თავს და დაიღუპა ასობით მათგანი, მათ შორის, ბავშვები. რუსეთმა თეატრი დაბომბა. მიუხედავად იმისა, რომ შენობის ორ მხარეს, ასფალტზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა გამაფრთხილებელი სიტყვა – ბავშვები.

ბანერის მეორე მხარეს ჩანს სენაკის თეატრის შენობა.

„ქართული ოცნების“ სხვა ბანერზე ვხედავთ რუსეთის მიერ დაბომბილ ტაძარს უკრაინაში, მეორე მხარეს კი – სამების ეკლესიას.

სხვა ბანერზე არის დაბომბილი ქალაქი მარიუპოლი, მეორე მხარეს – თბილისი.

გუშინ, 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი, მათ შორის, არც საქართველოს ოკუპაციის და არც უკრაინაში ომის კონტექსტში.