აშკარაა, დისკრიმინაციული კამპანია ენმ-ის ბოლო შანსია საქართველოს ომში ჩასათრევად - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც რუს ვიზიტორებთან დაკავშირებით ისაუბრა.

კობახიძის თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს დისკრიმინაციული კამპანია და ამ კამპანიის მიღმა დგანან ადამიანები, რომლებიც ანტიეროვნულობით გამოირჩევიან. მათი მიზანი ქვეყნის ომში ჩართვაა.

„საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებსა და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით,  იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ქვეყნისა და ხალხისთვის და ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და ხალხს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგები აარიდოს.

ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართულნი არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოებული კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ყოველგვარი დათქმის გარეშე კრძალავს.

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს არავითარი გამართლება არ აქვს. დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაუშვებელია და ჩვენ ამ უმძიმეს აქტს კიდევ ერთხელ ვგმობთ. თუმცა, ამ ქმედებისთვის უდანაშაულო მოქალაქეების დასჯა ასევე სრულიად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ შემოიღო რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. დღეს იგივე პოლიტიკური ძალა აგორებს კამპანიას საქართველოში რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღების შესახებ. ეს ორმაგი სტანდარტიც ნათლად მიანიშნებს, თუ რა რეალური განზრახვა დგას ამ კამპანიის უკან“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციული კამპანია ენმ-ისთვის ერთგვარი ბოლო შანსია.

„აშკარაა, რომ დისკრიმინაციული კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ ომის პარტიის, ნაციონალური მოძრაობის მიერ განიხილება როგორც ერთგვარი ბოლო შანსი, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს“, – ამბობს ის.

მისი შეფასებით, „კამპანიის ავტორები“ არაფრად აგდებენ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, შესაძლოა, საფრთხე შეექმნათ.

„აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთში ცხოვრობს 800 ათასამდე ქართველი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს 10 ათასობით ქართველი, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ 100 ათასობით ქართველს უქმნის უშუალო საფრთხეს. თუმცა, კამპანიის ავტორები ამ ფაქტსაც არაფრად აგდებენ და მეტიც, გამორიცხული არაა, ამ პრობლემის შექმნა მათი განზრახვის შემადგენელი ნაწილიც იყოს“, – განაცხადა კობახიძემ.