„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქციის მონაწილეებზე და ჟურნალისტებზე ძალადობას ეხმაურება.
„თავდასხმიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, გამოკითხული არ არის დაზარალებულების ნაწილი, დაშავებულებს არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი და პასუხისგებაში არ მიუციათ არცერთი პირი, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელების დიდი ნაწილი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს. გამოძიების ფუნდამენტური ჩავარდნების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სამართალდამცავი უწყებები საქმეს განზრახ არ იძიებენ და, შესაბამისად, ხელს აფარებენ ორგანიზებულ თავდასხმაში მონაწილეებს“, – წერს ორგანიზაცია.
SJC აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილ ძალადობა) და 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო. გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კიდევ ერთი მუხლით – წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარა (სსკ-ს 1621-ე მუხლი). შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა, თუმცა ორივე მათგანი ბრალის წარდგენის გარეშე, მალევე გაათავისუფლა. სამინისტროს მტკიცებით, დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა.
ორგანიზაციის განცხადებით, საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, სხვა რამეების პარალელურად, პრობლემურია შემდეგი გარემოებები:
- შსს-ს არ გამოუკითხავს დაზარალებულები, რომელთან დაკავშირებითაც უწყებას სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიმართა.
- შსს-ს ამ დრომდე არ გამოუკითხავს „პუბლიკის“ ჟურნალისტზე, ქეთო მიქაძეზე თავდამსხმელი და ძალადობის სხვა მონაწილეები.
- საქმეს იძიებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, რომლის დირექტორის მოადგილე ინციდენტის ერთ-ერთ ეპიზოდში თავად მონაწილეობდა – კადრებში ჩანს, რომ ვაჟა სირაძის მოადგილე ხუტა პაჭკორია ხელს უშლიდა ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს მუშაობაში – შემთხვევის ადგილას გადაღებულ კადრებში ისმის პაჭკორიას მხრიდან ჟურნალისტის მიმართ გინებაც, რომელიც რამდენჯერმე მეორდება.
- გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ქმედების ორგანიზებულ ხასიათს არ ასახავს.
SJC აცხადებს, რომ ქმედების აშკარად ორგანიზებული ხასიათის მიუხედავად, შსს-ს ამ დრომდე არ გადაუკვალიფიცირებია გამოძიება 225-ე მუხლზე, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში აქტიურად იყენებს.
„გამოძიების მიმდინარეობაც კიდევ ერთი დასტურია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც სრულ პარტიულ კონტროლს ექვემდებარებიან, ხელს აფარებენ ხელისუფლების მიერ სანქცირებულ ძალადობაში მონაწილეებს; გამოძიების მიმდინარეობა არ ტოვებს ეჭვს, რომ შსს და პროკურატურა დანაშაულს განზრახ არ იძიებენ: ამ დრომდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ სავარაუდო მოძალადეების უმეტესობა, პასუხისგებაში არ მიცემულა არცერთი პირი; არ გამოუკითხავთ დაზარალებულების ნაწილი და არცერთ პირს, რომლებიც თავდასხმის შედეგად დაშავდნენ, ოფიციალურად, დაზარალებულის სტატუსი არ აქვს“, – აცხადებს ორგანიზაცია.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ შესაბამის უწყებებსა და გამოძიებაზე პასუხისმგებელ კონკრეტულ საჯარო მოხელეებს მოუწოდებს – დროულად მოახდინონ სავარაუდო მოძალადეების იდენტიფიცირება, გამოჰკითხონ აქციაზე დაშავებული პირები, მიანიჭონ მათ დაზარალებულის სტატუსი და უზრუნველყონ ჯეროვანი გამოძიების წარმართვა სათანადო კვალიფიკაციით.