აშკარაა, რომ სიტუაცია მძიმდება და ტემპიც უფრო სწრაფი ხდება – პრემიერის ახალი დავალებები სამინისტროებს

პუბლიკა

„აშკარაა, რომ სიტუაცია, გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. მისი თქმით, მთავარი დატვირთვა დღეს გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე.

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზადყოფნის შემოწმება  უახლოესი 2 დღის განმავლობაში.

„ჩვენ გვყავს დაახლოებით 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2 000 ოჯახის ექიმი. შესაბამისად, სად არიან ეს ადამიანები რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, ამ ადამიანების ტრეინინგები და მათი მზაობა, ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს“, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანა ორ ფრონტზე იბრძვის – ესაა მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა.

გიორგი გახარიას თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა გეგმა, რაც მოწონებულია მთავრობის მიერ და ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართული წარმოების განახლებაზე, მაგალითად, ისეთ წარმოების, როგორიც არის „აგარის შაქრის“ თავიდან ამუშავება.

„ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიღეთ დავალებად საკრედიტო-საგარანტიო სქემების ამუშავებაზე  პოსტკრიზისულ ეტაპზე, კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, რაზეც ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარება.

მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საკრედიტო-საგარანტიო სქემები, რომლითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე ჩვენ შევძლებთ, კომპანიებს დავეხმაროთ, რომ სწრაფად განვითარდნენ. ჩვენი გათვლებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია დაახლოებით 2 მილიარდის კრედიტების საგარანტიო სქემებით დახმარებაზე, ხაზგასმით აღვნიშნავ პოსტკრიზირულ პერიოდში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც ადრე დავიწყეთ ბევრთან შედარებით ეპიდემიასთან ბრძოლა, დღეს უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა და უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა, რას ვაკეთებთ კრიზისის პერიოდში და რას ვაკეთებთ პოსტკრიზისულ პერიოდში“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 27 გამოჯანმრთელებულია.