აშშ-ის პირველი ლედი უკრაინაში ჩავიდა და ოლენა ზელენსკას შეხვდა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი ჯილ ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა და უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას შეხვდა. მათ იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფრად გადაკეთებული სკოლა მოინახულეს.

„პირველი ლედი ბაიდენის ვიზიტი არის უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირება აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ“ – ნათქვამია ვიზიტის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

ქალაქ უჟჰოროდში ბაიდენისა და ზელენსკას შეხვედრის ამსახველ კადრებს აშშ-ის პირველი ლედის პრესმდივანი მაიკლ ლაროსა ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჯილ ბაიდენის ვიზიტი დაუანონსებელი და მოულოდნელი იყო. მედია ასევე წერს, რომ ოლენა ზელენსკა საზოგადოებაში ომის დაწყების შემდეგ არ გამოჩენილა.

უკრაინსკაია პრავდა იუწყება, რომ ჯილ ბაიდენმა უკრაინის ტერიტორია უკვე დატოვა.

ჯილ ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპის ტურის ფარგლებში სლოვაკეთსა და რუმინეთს ესტუმრა და უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა.