აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ უპასუხა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების კრიტიკას მის მიმართ.
კელი დეგნანი ამბობს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერია და ქვეყანას ეხმარება იმაში, რომ მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის შესაბამისად, საქართველო დასავლურ ოჯახს შეუერთეს.
კელი დეგნანი ასევე ამბობს, რომ აშშ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში პუტინის მიერ დაწყებული ომი სხვა ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე არ გავრცელდეს.
„საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, ხალხი ემოციური ხდება ასეთ დროს. გეტყვით, რომ აშშ არის საქართველოს სუვერენიტეტის, დემოკრატიის და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი, ეს იყო ასე ბოლო 30 წლის განმავლობაში და ეს გამოიხატებოდა ჩვენი თანამშრომლობით, რაც გულისხმობდა საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას და არა მხოლოდ, იქნებოდა ეს ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, საზღვრის დაცვა და ა.შ. იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სურვილი ახდეს და მათ ჰქონდეთ სტაბილური, განვითარებული და წარმატებული ქვეყანა, რომელიც არის დასავლეთთან ინტეგრირებული.
ყოველთვის კარგია, როცა არჩეული პირები გამოხატავენ ამომრჩევლის ინტერესებს, ზრუნავენ მათ პრობლემებზე და მიმაჩნია, რომ ამომრჩევლებიც ხედავენ ამას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას აქვს სურვილი, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ის დიდი ძალისხმევა და შრომა უნდა მიმართული იყოს რეკომენდაციების შესრულებისკენ, ამას მოელის ამომრჩეველი არჩეული პირებისგან.
აშშ ყველანაირად ცდილობს, დამყარდეს მშვიდობა და პუტინის დაწყებული ომი არ გადავიდეს სხვა ქვეყნებზე, იქნება ეს საქართველო თუ სხვა ქვეყანა და ამისთვის ჩვენ ყოველ დღიურად ბევრს ვშრომობთ. ეს ომი დაიწყო პუტინმა, ეს გაუმართლებელი ომი და მას შეუძლია, ეს დაასრულოს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, რომ ის გახდეს NATO-ს და EU-ს წევრი. ჩვენ კარგი პარტნიორობა გვაქვს წლების მანძილზე იმის მიუხედავად, რომელი პარტიაა ქვეყნის სათავეში. მე, როგორც აშშ-ის ელჩი საქართველოში, ვახორციელებ აშშ-ის საგარეო პოლიტიკას“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.