აშშ-მა და სომხეთმა „მშვიდობის გზაჯვარედინის“ იმპლემენტაციის ჩარჩო დოკუმენტი გამოაქვეყნეს

პუბლიკა

აშშ-მა და სომხეთმა გამოაქვეყნეს „მშვიდობის გზაჯვარედინის“, იგივე TRIPP-ის (ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) იმპლემენტაციის ჩარჩო დოკუმენტი.

TRIPP სამშვიდობო შეთანხმებაა, რომელსაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი აშშ-ში 2025 წლის 8 აგვისტოს მოაწერეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის ერთობლივი განცხადების თანახმად, დოკუმენტით განსაზღვრულია კონკრეტული გზა, რომლის მიზანია სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირების დამყარება.

„ვინაიდან TRIPP აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილს ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დააკავშირებს და ტრანსკასპიური სავაჭრო გზის მნიშვნელოვან რგოლს შექმნის, მოსალოდნელია, რომ ის ორმხრივ სარგებელს მოიტანს როგორც საერთაშორისო, ისე შიდასახელმწიფოებრივი კავშირების განვითარებისთვის სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

2025 წლის 8 აგვისტოს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ორგანიზებულ ისტორიულ სამშვიდობო სამიტზე დადასტურებული პრინციპების შესაბამისად, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ (TRIPP) იმპლემენტაციის ჩარჩო დოკუმენტი ხაზს უსვამს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ორმხრივობის მნიშვნელობას პროექტის საერთო წარმატებისთვის. TRIPP-ის საბოლოო მიზანია სომხეთისა და აზერბაიჯანის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, ასევე ამერიკული კომერციის ხელშეწყობა რეგიონული ვაჭრობისა და კავშირების გაფართოების გზით, რაც შექმნის ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის ევროპასთან დასაკავშირებლად“. – ნათქვამია რუბიოს და მირზოიანის ერთობლივ განცხადებაში.

2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ჩარჩო-ხელშეკრულებას სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ. ნახჭევანი თურქეთს ესაზღვრება.

დერეფანმა აზერბაიჯანი ნახჭევანის ექსკლავთან უნდა დააკავშიროს. აშშ-მა მიიღო უფლება, განავითაროს დერეფანი აზერბაიჯანსა და ნახჭევანს შორის.