„პროდუქტიული შეხვედრა“ — აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ჟენევაში აშშ-ის სამშვიდობო შეთავაზება განიხილეს

პუბლიკა

2025 წლის 23 ნოემბერს აშშ-ის და უკრაინის წარმომადგენლები ჟენევაში შეხვდნენ და აშშ-ის სამშვიდობო შეთავაზება განიხილეს.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მოლაპარაკებები იყო კონსტრუქციული, ფოკუსირებული და პატივისცემით სავსე, განგრძობადი მშვიდობის მიღწევის ერთობლივ ვალდებულებაზე ხაზგასმით“.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

„ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კონსულტაციები ძალიან პროდუქტიული იყო. მოლაპარაკებებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდგომი ნაბიჯების მკაფიოდ განსაზღვრის მიმართულებით. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფდეს მდგრად და სამართლიან მშვიდობას. განხილვების შედეგად მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო.

უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება შეერთებული შტატების და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ურყევი ერთგულებისთვის ომის დასრულებისკენ მიმართული დაუღალავი ძალისხმევისთვის.

უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას ერთობლივი წინადადების შემუშავებისთვის. ისინი ასევე ახლო კავშირზე იქნებიან ევროპელ პარტნიორებთან.

ჩარჩოს ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებენ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები.

ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელონ ერთად მუშაობა მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და რეკონსტრუქციას“.

გასულ კვირას გამოცემებმა Axios, Financial Times და Reuters 20 ნოემბერს გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპმა შეიმუშავა სამშვიდობო გეგმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. გეგმას 28 პუნქტი აქვს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ფრონტის ხაზის გაყინვას უკრაინის არმიის შემცირებას და რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას.

Axios-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამასთან ერთად აშშ-მ უკრაინელებს სხვა შეთანხმების ვერსია წარუდგინა.

კერძოდ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული სამშვიდობო წინადადებების პაკეტი მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის მსგავსი იქნება.

გამოცემის წყაროების ცნობით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი არ არის ამერიკელების მიერ წარმოდგენილი და მედიებში გაჟონილი 28-პუნქტიანი გეგმის ნაწილი – ის ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს სახმელეთო ძალების მდივანმა ცალკე დოკუმენტად წარუდგინა.