აშშ დასთანხმდა ბალტიის ქვეყნებს, რომ უკრაინას ამერიკული შეიარაღება მიაწოდონ - Reuters

პუბლიკა

Reuters-ის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა ნებართვა მისცა ბალტიის ქვეყნებს, უკრაინას ამერიკული იარაღით დაეხმარონ. როგორც გამოცემა წერს, ამ ინფორმაციას მათ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოდან სამი დამოუკიდებელი წყარო უდასტურებს.

Reuters წერს, რომ საუბარია ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერთო თავდაცვით საშუალებებზე. მათ შორის, „ჯაველინებსა“ და „სტინგერებზე“. სახელმწიფო ადმინისტრაციის პრესსპიკერი ადასტურებს, რომ აშშ ხელს არ შეუშლის დიდ ბრიტანეთსა და ბალტიის ქვეყნებს, დაეხმარონ უკრაინას ამერიკული იარაღით, მაგრამ არ აზუსტებს, რა ტიპის შეიარაღებას გადასცემენ უკრაინას.

ამერიკული კანონმდებლობით, მათი შეიარაღების გადაცემა ერთი ქვეყნიდან მეორისთვის დაუშვებელია აშშ-ის ნებართვის გარეშე. სწორედ ამიტომ, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს სჭირდებოდათ სახელმწიფო ადმინისტრაციისთვის მიმართვა.

ასევე, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა დამატებით 300-მილიონიანი სამხედრო დახმარება დაამტკიცა უკრაინისთვის. ვაშინგტონი კიევს თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება გადასცა უკრაინას რამდენიმე დღის წინ დიდმა ბრიტანეთმაც. კიევში ბრიტანეთიდან 7 სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩაფრინდა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა კი განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს იარაღის ათვისებაში ბრიტანელი ინსტრუქტორები დაეხმარებიან.

უკრაინაში რუსული აგრესიის საფრთხის ფონზე კიევში ჩაფრინდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც. ენტონი ბლინკენმა შეხვედრები გამართა უკრაინის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან. უკრაინის შემდეგ ის გერმანიაში ჩაფრინდება და დღეს გერმანელ კოლეგებთან გამართავს შეხვედრას, შემდეგ კი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

სიტუაციის დეესკალაციის მიზნით გასული ერთი თვის განმავლობაში ორი – ონლაინ და სატელეფონო საუბარი გაიმართა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. შემდეგ კი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, NATO-ს გენერალური მდივანი და ეუთოს წარმომადგენლები შეხვდნენ.

უკრაინის საზღვრებთან ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროა მობილიზებული. რუსეთმა დამატებითი ძალების გადასროლა დაიწყო ბელარუსშიც, რომელიც უკრაინას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება, ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება თებერვალში დაგეგმილ რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ წვრთნებს უკავშირდება.