აშშ ევროპაში დამატებით 2 000 სამხედროს გზავნის

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა ევროპაში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა.

შეერთებული შტატები ევროპაში დამატებით 2 000 სამხედროს გაგზავნის, რაც უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთგვარი საპასუხო ნაბიჯი იქნება.

რუსეთი უკრაინის მიმართ მზარდი აგრესიის პარალელურად დასავლეთისგან მოითხოვს, უკრაინასა და საქართველოს არასდროს მისცენ ალიანსში შესვლის უფლება და ამასთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპიდან NATO-ს ჯარისკაცები გავიდნენ და სამხედრო ინფრასტრუქტურა გაიტანონ.

ბაიდენის ბრძანებით, რუმინეთში მყოფ 900 ამერიკელ სამხედროს გერმანიაში დისლოცირებული 1 000 ჯარისკაცი დაემატება. გერმანიასა და პოლონეთში კი აშშ-დან 2 000 სამხედრო ჩავა.

პენტაგონის პრესპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინაში შესაძლო ომში მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა, აშშ იცავს თავის მოკავშირეებს NATO-ში.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილება და ბოლო დღეებში მომხდარ რაიმე მოვლენას არ უკავშირდება. ამერიკელი სამხედროების ჩასვლა, მათი განცხადებით, მოსკოვიდან ალიანსის მიმართ წამოწყებული აგრესიული რიტორიკის პასუხია.