აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ - აშშ-ის თავდაცვის მდივანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე, თავდაცვის დეპარტამენტის ძალისხმევა დაეხმაროს საქართველოს რუსული აგრესიისა და მავნე გავლენების ფონზე თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში.

თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოსტინმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრს საქართველოს წვლილისათვის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და იმ მსხვერპლისთვის, რაც ქართულმა ჯარმა ავღანეთში გაიღო.

ბურჭულაძემ კი მადლიერება გამოხატა აშშ-ს მიერ საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციისა და რეფორმის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საფრთხეს, რომელსაც რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებას უქმნის.