აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას ტერიტორიების დაბრუნებაში - ბაიდენი

პუბლიკა

პუტინის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ბაიდენის განცხადებით, აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო და დიპლომატიური კუთხით, რათა კიევმა აღადგინოს კონტროლი თავის ტერიტორიებზე.

„რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონს, უგულებელყოფს გაეროს წესდებას და ყველგან გამოხატავს ზიზღს მშვიდობისმოყვარე ხალხების მიმართ. არ შეცდეთ – ამ ქმედებებს არ აქვს ლეგიტიმაცია. შეერთებული შტატები ყოველთვის სცემს პატივს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო და დიპლომატიური გზების განმტკიცებით, რომ დაიბრუნოს კონტროლი თავის ტერიტორიებზე. მათ შორის, დამატებითი 1,1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებით, რომელიც ამ კვირაში გამოვაცხადეთ“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თავიანთი მხარდაჭერის ხაზგასასმელად, დღეს რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები გამოცხადდა. ამასთან ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას შეიარაღებით და მოუთმენლად ელის, როდის მოაწერს კონგრესი ხელს ახალ, 12-მილიარდიან დახმარებას უკრაინისთვის.