„აშშ განაგრძობს თქვენს მხარდაჭერას“ - ბაიდენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას. დიდად ვაფასებთ თქვენს მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, მათ შორის ავღანეთში ჩვენი საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში.

საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობას.

შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს დაასრულოს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე. შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხისადმი მტკიცე პარტნიორობის აღმოჩენას რეფორმების განხორციელების პროცესში და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში სწორუპოვარი პოზიციის განმტკიცებაში“, – აღნიშნულია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში.