აშშ განიხილავს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას - აშშ-ის ელჩი უკრაინაში

პუბლიკა

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას.

აღნიშნულის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბიჯიტ ბრინკმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რაც შეეხება რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, ეს მოითხოვს ფრთხილ ანალიზს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ ვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, მათ შორის ბევრ ისეთს, რომელიც გამოყენებული იქნებოდა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ასეთ სპონსორს წარმოადგენს. თუმცა, ჩვენ ასევე სერიოზულად განვიხილავთ მსგავს განცხადებას და გავაგრძელებთ რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ჩვენი კანონების შესაბამისად“, – განაცხადა ბრინკმა.