აშშ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად დროებითი ნავსადგომის აშენებას აპირებს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ნავსადგომი რამდენიმე კვირაში გაიმართება და ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორს კვიპროსიდან, ლარნაკის პორტიდან მიეწოდება. ტვირთი ლარნაკაში გაივლის უსაფრთხოების შემოწმებას, მათ შორის, ისრაელელი ინსპექტორების მიერ.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ ვერ დაელოდება ისრაელს, როდის უზრუნველყოფს ღაზის სექტორის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარებით და თავად იქნება ლიდერი. აშშ შექმნის კოალიციას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ მოსახლეობას დახმარებას მიაწვდის.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ეს იქნება ამერიკელი სამხედროების გადაუდებელი სამხედრო მისია, თუმცა ბაიდენმა დაამატა, რომ ნავსადგომის მუშაობაში ღაზის მიწაზე ამერიკელი სამხედროები არ ჩაერთვებიან.
„დროებითი ნავსადგომი ღაზაში ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
გაეროს ინფორმაციით, ღაზაში მოსახლეობის მეოთხედი შიმშილის ზღვარზეა. 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელის არმიის ღაზის სექტორში შეჭრის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა მძიმე პირობებში აღმოჩნდა. „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის სახმელეთო და საჰაერო იერიშებს, დაახლოებით, 30 800 ადამიანი ემსხვერპლა.
სექტორის სამხრეთით, ეგვიპტის საზღვართან მყოფი მოსახლეობა ეგვიტპის გავლით გარკვეული რაოდენობიტ ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ახერხებს, სიტუაცია კიდევ უფრო რთულია სექტორის ჩრდილოეთით, სადაც თავდაპირველად შეიჭრა ისრაელის არმია.