ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, აშშ-მა შესაძლოა, ეგვიპტესა და ისრაელთან ერთად ღაზის მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული დერეფანი შექმნას.
მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
„მაგრამ დეტალები დიპლომატიური არხების საშუალებით განიხილება და მე, ჯერჯერობით, ამის შესახებ საჯაროდ საუბარი არ მინდა“. – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
ღაზის მცხოვრებლები ახლა ბლოკადაში არიან – 9 ოქტომბერს ისრაელმა განაცხადა, რომ პალესტინას სრულ ბლოკადაში აქცევს, რაც ღაზას ელექტროენერგიის, წყლისა და საწვავის გარეშე ტოვებს. ისრაელი აკონტროლებს ღაზის საჰაერო სექტორსა და სანაპირო ზოლს და ზღუდავს, ვინ გადაკვეთს საზღვარს და რა საქონელს შეიტანს ტერიტორიაზე. ღაზის სექტორში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ღაზის სექტორს ეგვიპტე ესაზღვრება. საზღვარი სრულად დახურული არ არის, თუმცა ქვეყანაში შესვლა დღეში მხოლოდ 400 ადამიანს შეუძლია, მომლოდინეთა რაოდენობა კი გაცილებით მეტია. ამ დროისთვის დევნილია 200 ათას ადამიანზე მეტი.
ისრაელი ღაზის მცხოვრებლებს აფრთხილებს, დატოვონ ტერიტორია, ვინაიდან ჰამასის წევრებზე იერიშებს გეგმავს, თუმცა ადგილობრივებისთვის ეს თითქმის შეუძლებელია.
სავარაუდოდ, ხვალ, 12 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრება.
10-11 ოქტომბერს ღაზის სექტორში განვითარდა შემდეგი მოვლენები:
- ისრაელმა ღაზის სექტორის დარაჯა ტუფაჰის რაიონში ათობით მოიერიშე თვითმფრინავით 70-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ ყველაზე მეტი თავდასხმა სწორედ ამ რეგიონიდან ხდება. IDF-მა ასევე განაცხადა, რომ გაანადგურა „ტერორისტული ინფრასტრუქტურა, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადი” იყენებდა.
- ისრაელის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა მ1200-ს გადააჭარბა, ღაზის სექტორში – 950-ს. მანამდე ისრაელმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე დახოცეს 1500 ტერორისტი.
7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.
თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი შესრულდა, ამასთან, იყო შაბათი – ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს შემთხვევითობა არ არის.
„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და კონტრშეტევებსაც ახორციელებს. მობილიზებულია 300 ათასზე მეტი რეზერვისტი.