სახდეპი: აშშ გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მოჩვენებითი არჩევნების ჩატარებას

პუბლიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წარმართვას.

აშშ-ის შეფასებით, „მოჩვენებითი არჩევნების უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარება რუსეთის განგრძობადი ძალისხმევაა, ძირი გამოუთხაროს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას”.

„აშშ არც ახლა და არც მომავალში არ აღიარებს მსგავსი მოჩვენებითი არჩევნების ლეგიტიმურობასა და შედეგებს, ჩატარებულს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე.

გასაგებად რომ ვთქვათ: ლუჰანსკი, დონეცკი, ზაპოროჟია, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა. პოტიომკინის სტილის ქმედებების შედეგებს მოსკოვი კარნახობს და ვერ ასახავს უკრაინის მოქალაქეების თავისუფალ ნებას, რომლებსაც აიძულებენ ხმის მიცემას.

ეს სპექტაკლი მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების უხეშ უგულებელყოფას.

შეერთებული შტატები გააგრძელებს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას”, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო – ხმის მიცემის პროცესი 3 დღეს გასტანს და 17 მარტს დასრულდება.

მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომელიც ძალაუფლებას 2001 წლიდან ფლობს, 3 ფორმალური კონკურენტი ჰყავს. მოჩვენებითი არჩევნების შედეგად პუტინის ძალაუფლება 2030-იანი წლების დასაწყისამდე განმტკიცდება.

საარჩევნო პროცესი მთელი რუსეთის მასშტაბით მიმდინარეობს. გარდა რუსეთისა, საარჩევნო უბნები გახსნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმსა და დნესტრისპირეთში.

რუსული კვლევითი არასამთავრობო ორგანიზაცია The Levada Center-ის თანახმად, ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერის რეიტინგი 80%-ს აღემატება.