აშშ-ის 25 ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

პუბლიკა

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები დაახლოებით 30 ქალაქში მოჰყვა. CNN-ის ცნობით, აშშ-ის 16 შტატის 25 ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  აქციის დროს სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ინდიანაპოლისში, ღამის განმავლობაში ათეულობით ადამიანი დააკავეს მინესოტაში.

რამდენიმე დღეა აშშ-ში მშვიდობიანი აქციები არეულობაში გადაიზარდა. პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. BBC-ის ცნობით, ლოს-ანჯელესი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, სადაც პოლიცია და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდა. გამოცემის ცნობით, არეულობის შედეგად გაძარცვულია მაღაზიები და დამწვარია რამდენიმე შენობაც. ლოს-ანჯელესში 20:00 საათიდან 05:30 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათია გამოცხადებული.

მასობრივი პროტესტი აშშ-ში ორშაბათ საღამოს შემდეგ დაიწყო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს დაკავების მომენტი, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციის მიერ ძირს დაგდებული შავკანიანი კაცი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება.

ჰენეპინის ოლქის პროკურორმა, მაიკლ ფრიმენმა, პოლიციის ყოფილ ოფიცერ დერეკ შოვინს ბრალი ორი მუხლით წაუყენა – მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. შოვინი თეთრკანიანი ოფიცერია, რომელმაც შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას ფიზიკური ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც ფლოიდი გარდაიცვალა.