დონალდ ტრამპმა უპირატესობა მოიპოვა კიდევ ერთ მერყევ შტატში, ვისკონსინში და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად გამოცხადდა. მას აქვს ამომრჩეველთა კოლეგიის 270-ზე მეტი ხმა, რაც საკმარისია გამარჯვებისთვის.
ტრამპმა თავის მხარდამჭერებს ფლორიდაში Fox News-ის მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მიმართა და განაცხადა, რომ ეს დღე მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება დღედ, როცა ამერიკელებმა „საკუთარ ქვეყანაზე კონტროლი დაიბრუნეს“.
„მე ვიბრძოლებ თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და თქვენი მომავლისთვის ყოველდღე. არ გავჩერდები, სანამ არ იქნება ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული ამერიკა, რომელსაც ჩვენი შვილები იმსახურებენ და რომელსაც თქვენ იმსახურებთ. ეს იქნება ამერიკის ოქროს ხანა.
ყველაფერი უნდა დავიწყოთ ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებით – ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა დავაყენოთ პირველ ადგილზე, თუნდაც გარკვეული დროით, უნდა მოვაწესრიგოთ ის. იმიტომ, რომ ერთად ჩვენ ამერიკა ისევ უნდა ვაქციოთ დიდებულად ყველა ამერიკელისთვის. მე იმედს არ გაგიცრუებთ. ამერიკის მომავალი იქნება უფრო დიდი, უკეთესი, გაბედული, მდიდარი, უსაფრთხო და ძლიერი, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა“, – განაცხადა მან.
„მე არ დავიწყებ ომს, მე ომებს შევაჩერებ“, – განუცხადა ტრამპმა ამომრჩეველს.