დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, შემოდგომაზე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება სეროპრევალენტობის კვლევა, რომლისთვისაც გამოიყენებენ არა სწრაფ ტესტებს, არამედ კლასიკურ სეროლოგიურ ტესტებს, რომლებიც უფრო ზუსტ მონაცემებს იძლევა.
„სეროპრევალენტობის კვლევა ჩატარდა ერთი კვირის წინ ბოლნისსა და თელავში. ბოლნისი, როგორც ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტი და თელავი, როგორც საკონტროლო მწვანე ზონა. იქ ჩატარდა კლასიკური შენარჩევის პრინციპით 150- 150 მოზრდილი ადამიანი იქნა გამოკვლეული. ჩატარდა სწრაფი ტესტებით ანტისხეულებზე და პარალელურად კეთდებოდა ტესტი ანტიგენზე, ისიც სწრაფი.
ბოლნისში დაუდასტურდა ერთ ადამიანს, თელავში არ დადასტურებულა. ამ ტიპის კვლევები ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს გარკვეულ ტურისტულ მარშრუტებზე, რომლებიც დატვირთული იქნება, რომ პერიოდულ რეჟიმში ვატაროთ. შემოდგომაზე ქვეყნის მასშტაბით ჩვენ ვგეგმავთ კლასიკურ სეროპრევალენტობის კვლევას აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად. სადაც შენარჩევი იქნება რამდენიმე ათასი.
ასეთი კვლევა ჩვენ ჩატარებული გვაქვს C ჰეპატიტზე, როცა 7000 იყო შენარჩევი და რამაც ყველა რეგიონზე მოგვცა ინფორმაცია. ამ ტიპის კვლევას ვგეგმავთ შემოდგომაზე, რასაც დასჭირდება სერიოზული მომზადება. მანამდე იქნება ოპერაციული სეროპრევალენტობის კვლევები დასახლებულ რეგიონებში. კლასიკური მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება შემოდგომაზე და ჩატარდება კლასიკური სეროლოგიური მეთოდით, რომელიც დაფუძნებულია იმუნო-ფერმენტულ ანალიზზე, ე.წ. ელაიზაზე, რომელიც იძლევა უფრო ზუსტ მონაცემებს იმუნოგლობულინ G და M ანტისხეულების გავრცელებაზე ქვეყანაში. ერთი მიუთითებს მწვავე რეაქციაზე, მეორე გადატანილ დაავადებაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.