აშშ-ის დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ დუგინას მკვლელობა უკრაინელებმა მოაწყვეს - NYT

პუბლიკა

ამერიკული გამოცემა The New York Times წერს, რომ აშშ-ის დაზვერვაში ფიქრობენ, დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის ხელისუფლებაში დაგეგმეს.

რუსი ულტრანაციონალისტი პოლიტოლოგისა და რუსული იმპერლიაზმის პროპაგანდისტის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი 20 აგვისტოს მის მანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებისას დაიღუპა.

მოსკოვში მკვლელობის მოწყობაში კიევი დაადანაშაულეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მათ ამ საქმესთან კავშირი არ ჰქონიათ.

NYT კი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონში მტკიცედ მიაჩნიათ, მკვლელობა კიევში დაიგეგმა. ოღონდ აშშ-ის დაზვერვას მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც გამოცემასთან წყაროები ამბობენ, მათ ამის შესახებ არც იცოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერაციას შეეწინააღმდეგებოდნენ. მკვლელობის შემდეგ კი უკრაინელი კოლეგები მკაცრად გააფრთხილეს.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უშუალოდ ამ მკვლელობის საპასუხოდ არაფერი მოუმოქმედებია, აშშ შეშფოთებელია, რომ შეიძლება მსგავს თავდასხმებს დიდი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეთ, მაგრამ ბრძოლის ველზე ძალიან მცირე გავლენა აქვთ, მოსკოვმა კი შეიძლება საპასუხოდ, უკრაინელი ოფიციალური პირების მკვლელობაც დაგეგმოს.

ამერიკელი ოფიციალური პირები იმედგაცრუებულები არიან უკრაინის მხრიდან არასაკმარისი გამჭვირვალობის გამო თავისი სამხედრო თუ ფარული გეგმების შესახებ, განსაკუთრებით რუსეთის მიწაზე“, – წერს The New York Times.

როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ვაშინგტონში ეჭვობენ იმასაც, რომ მკვლელობის სამიზნე თავად ალექსანდრ დუგინი იყო, რომელიც მანქანაში თავის ქალიშვილთან ერთად უნდა მჯდარიყო.

ასევე NYT წერს, რომ მათი წყაროები არ ამბობენ, თუ კიევში უშუალოდ ვინ გასცა მკვლელობის ბრძანება და ვინ იყო შემსრულებელი, ან იყო თუ არა ამის შესახებ ზელენსკი ინფორმირებული. ასევე არ საჯაროვდება, ვაშინგტონიდან ვინ მისცა შენიშვნა უკრაინელებს და ვინ იყო ამ შენიშვნების ობიექტი.

იმის შესახებ, რომ უკრაინა სადაზვერვო ინფორმაციის ნაწილს და თავის გეგმებს ვაშინგტონს არ უზიარებდა, ამერიკულ მედიაში ერთხელ უკვე გავრცელდა. მაშინ ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ თავდაპირველად რუსეთის გეგმებზე უფრო მეტი იცოდნენ, ვიდრე უკრაინისაზე, მაგრამ მოგვიანებით კიევმა სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაციის გაზიარება დაიწყო, სექტემბერსი მოწყობილი კონტრშეტევების შესახებ კი ვაშინგტონი სრულად იყო ინფორმირებული.

NYT ასევე წერს, რომ აშშ-ში არ აქვთ სრული სურათი იმის შესახებაც, კონკრეტულად ვინ არის ძალაუფლების ცენტრი უკრაინის მთავრობაში, სარდლობაში, სპეცსამსახურებსა თუ ზელენსკის ოფისში. ამის გარეშე რთულია გაიგო, ვინ იცოდა თუნდაც დუგინას მკვლელობის მომზადების გეგმები.

ამერიკულ გამოცემასთან წყაროები მიუთითებენ, რომ უკრაინისა და აშშ-ის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა კვლავინდებურად მჭიდრო და მეგობრულია. თუმცა ვაშინგტონში შიშობენ, რომ განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, მათ დუგინას მკვლელობის საპასუხოდ შეიძლება კიევში ვინმეს მკვლელობა სცადონ. ისეთი პირის, ვინც ზელენსკის მსგავსად დაცული ვერ იქნება.