ამერიკის შეერთებული შტატების და კონგრესის დელეგაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
ღარიბაშვილის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება. აღინიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი არის აშშ-ის, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური. ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის როლს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კუთხით.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და ომის გავლენას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის როლი ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაში.
„ყურადღება დაეთმო იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გადადგა, როგორც პოლიტიკური, ისე – ჰუმანიტარული მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატებში უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერისა და თანასპონსორობის სახით. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა და ეს პროცესი გრძელდება. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერაზე საქართველოსადმი, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.