საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა ბაიდენის ადმინისტრაციამ გაეუქმებინა ირაკლი კობახიძის მიწვევა აშშ-ის პრეზიდენტის მიღებაზე.
დანიგანი ამბობს, რომ შტატებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამერიკის ელჩი „წითელ ხაზებს უახლოვდება”.
„აი, ნახეთ: პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ მიღებაზე მოსაწვევები გაავრცელა 11 სექტემბერს. 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა საჯარო განცხადებები გააკეთა და ახსენა, რომ ვუახლოვდებით წითელ ხაზს და გააკეთა იმგვარი მინიშნება, რაც შეერთებული შტატების მიერ აღქმული იყო რაღაც ტიპის მუქარად ჩვენს ურთიერთობებთან დაკავშირებით მოქმედებებზე.
ამის საპასუხოდ, პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა მიიღეს გადაწყვეტილება 11 სექტემბერს გაცემული მოწვევის გაუქმებაზე. კიდევ ერთხელ: არის ეს ის მდგომარეობა, რომელშიც შეერთებულ შტატებს სურს ყოფნა? საქართველოს შემდგომი იზოლაცია მისი ყველაზე ძლიერი პარტნიორებისგან და მოკავშირეებისგან, ევროკავშირისგან, ევროკავშირის მიერ მუდმივად ლაპარაკი შეჩერებულ გაწევრიანების პროცესზე – ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვსურს.
ვფიქრობ, არსებობს მკაფიო გზა ურთიერთობების სწორ გეზზე დასაბრუნებლად. ვფიქრობ, მთავრობამ იცის, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ და ვიმედოვნებ, რომ ისინი ამას გააკეთებენ”, – აცხადებს დანიგანი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე მისთვის მიწვევის გაუქმებაზე განაცხადა, რომ „ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი“ და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „გაბუტვა არ შეშვენის”.
კობახიძემ თქვა ისიც, რომ მიღებაზე 150-ზე მეტი ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი იყო მიწვეული და როდესაც საქართველოს უუქმებენ მიწვევას, „ამაზე საზოგადოება დასკვნებს გააკეთებს“.
ინფორმაცია მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა.
აშშ-ის საელჩოში აღნიშნეს, რომ კობახიძეს მიწვევა ბაიდენის ადმინისტრაციამ გაუუქმა მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და დასავლეთზე ნეგატიური რიტორიკის გამო.
ცნობისთვის, 17 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
განცხადების თანახმად, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს”.