აშშ-ის ჰელსინკის კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას რუსულ კანონზე

პუბლიკა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სენატის წარმომადგენლები ეხმაურებიან რუსული კანონის საქართველოს პარლამენტში ხელახალ ინიციირებას და  ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვან ამ მიზანზე.

განცხადებას აშშ-ში ჰელსინკის კომისიის სენატის თანათავმჯდომარე ბენ კარდინი და სენატორი როჯერ უიკერი ავრცელებენ.

„ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და მძიმედ მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი არის რუსული კანონის ასლი და მისგან ინსპირაცია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახალი შემოღება ხდება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის უფრო ფართო მიღების ფონზე. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ „ქართული ოცნება” კვლავ დაადგა ამ გზას, მიუხედავად რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვან ამ კანონპროექტზე და დაუბრუნეს თავის ლიბერალურ დემოკრატიულ ტრაექტორიას და მისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს”, – აღნიშნულია განცხადებაში.


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.