ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია თბილისში ქართული ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციის ხელმძღვანელმა კრის კუნსმა მედიასთან განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს დემოკრატიას, რომელიც მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, უსაფრთხოებასა და ძლიერ ეკონომიკას.
„ევროკავშირის წევრობისკენ პოზიტიური ნაბიჯების გადასადგამად საჭიროა რეფორმების გაგრძელება საქართველოში. ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა და ვაფასებთ რომ დრო დაგვითმეთ და ვაფასებთ მედიის თავისუფლებას“, – განაცხადა სენატორმა კუნსმა.
კონგრესმენ დევიდ სისილინის განცხადებით, ოპოზიციას აწუხებთ სასამართლოს და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი.
„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. როგორც იცით, ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი. ეს არის ჩვენი ქართველ ხალხთან თანამშრომლობის ძირითადი ნაწილი და მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გაგრძელდეს, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და ზოგიერთი რეფორმა, რომელსაც ისინი განიხილავენ, იყოს გათვალისწინებული. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის გაგრძელებას დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებით მუშაობაში“, – განაცხადა მან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებთი, იმას, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტი ერთ ოლიგარქს ექვემდებარება, საერთაშორისო პარტნიორები უსაფრთხოების და დემოკრატიის გამოწვევად აღიქვამენ.
„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, კონგრესმენებთან ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პირობებში.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სანამ ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმია, მნიშვნელოვანია, „გვქონდეს კომუნიკაციის არხები იმის თაობაზე, რისთვისაა ქართული საზოგადოება მზად და ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ, რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, რათა ჩვენი თავისუფლება დაცული იყოს და ამის მისაღწევად პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ, ასევე, რაში გვჭირდება პარტნიორების დახმარება“.
პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა კი განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე კონგრესმენებს ქვეყნის მხარდაჭერა სთხოვა.
„ჩვენ თუ არ გვექნება სტრატეგიული პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა, რუსეთის წინაშე შიშველი ხელებით აღმოვჩნდებით. ამიტომ, პარტნიორებს კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ 2008 წელს ჩვენ სისხლით გვაქვს თავისუფლებისთვის ფასი გადახდილი, ეს მათ კარგად დაიმახსოვრონ და საქართველოს ისევე დაუდგენ გვერდით, როგორც დღეს უკრაინას უდგანან“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.