მითების დეტექტორის კვლევის თანახმად, ჯეფრი სილვერმანი, რომელიც აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის მიერ სანქცირებული USA Really-ს ავტორი და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსული სახელისუფლებო მედიების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამის „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე მასწავლებელია.
კვლევის თანახმად, სილვერმანი სსიპ-ში საზოგადოებრივ კოლეჯში – „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ინგლისურ ენას ასწავლის.
ვინ არის ჯეფრი სილვერმანი?
ჯეფრი სილვერმანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული პლატფორმის USA Really-ს ავტორია. USA Really-ს დამფუძნებელი ალექსანდრ მალკევიჩია, რომელიც აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა 2018 წელს ასევე სანქციების სიაში შეიყვანა. დეპარტამენტის განცხადების თანახმად, USA Really-ს „ინტერნეტის კვლევების სააგენტო“ ფლობს ან აკონტროლებს. თავად „ინტერნეტის კვლევების სააგენტო“ კი პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის ორგანიზაციაა, რომელიც ასევე „პეტერბურგის ტროლების ფაბრიკის“ სახელით არის ცნობილი და 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში ჩაერია. 2018 წლის ივნისში USA Really-ს აშშ-ის პოლიტიკური დემონსტრაციის ორგანიზების მცდელობა ჰქონდა. განცხადების თანახმად, პლატფორმა აქვეყნებს ისეთ პოლიტიკურ კონტენტს, რომელიც საზოგადოების დაყოფას ემსახურება და მასალების უმეტესობა უზუსტობებს შეიცავს.
როგორც „მითების დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ მასალაშია ნათქვამი, ჯეფრი სილვერმანი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსული სახელისუფლებო მედიების ერთ-ერთი წყაროა. „რუსეთის პირველი არხი სილვერმანს სამხედრო ექსპერტს უწოდებს, ხოლო Россия24 – საქართველოში მცხოვრებ ამერიკელ ჟურნალისტს, რომელმაც ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის გამოცდაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მას თბილისში სცემეს და ქართულმა დაზვერვამ დაკითხა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ლუგარის ლაბორატორიის გარდა, სილვერმანი ყარსის ხელშეკრულების შესახებ კონსპირაციების გავრცელებით შიშსაც თესავს, რაც კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ნარატივია“.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში „პუბლიკას“ დაუდასტურეს, რომ ჯეფრი სილვერმანი სამი წელია, გლდანის პროფესიულ სასწავლებელში ინგლისურ ენას ასწავლის. როგორც ცენტრში განმარტეს, კადრის აყვანისას კომისიის შეფასების კრიტერიუმებია ნასამართლეობა და ინგლისური ენის ცოდნა, სხვა შეფასების კრიტერიუმები კომისიას არ აქვს. ცენტრში ამბობენ, რომ საკითხს შეისწავლიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.