აშშ-ის პრეზიდენტმა, დოლანდ ტრამპმა კონგრესს მიმართა 

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დოლანდ ტრამპმა კონგრესს მიმართა.

სიტყვით გამოვლის დროს ტრამპმა წაიკითხა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი, მას მნიშვნელოვანი უწოდა და თქვა, რომ მის მიღებას აფასებს.

წერილში ნათქვამია, რომ უკრაინა მად არის, ხელი მოაწეროს მინერალებზე შეთანხმებას.

რამდენიმე დღით ადრე, 28 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში იმყოფებოდა. მან, დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვანსმა იკამათეს, შედეგად ხელი არ მოეწერა შეთანხმებას უკრაინის მინერალების შესახებ. ტრამპმა ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომთან თამაშში“ დაადანაშაულა. ხოლო გუშინ, 4 მარტს, აშშ-მა უკრაინას ყველა სახის სამხედრო დახმარება შეუჩერა, მათ შორის, გააჩერა ის შეიარაღება და საბრძოლო მასალები, რომლებიც უკვე სატვირთო ხომალდებზე იყო და უკრაინაში უნდა გაგზავნილიყო.

დონალდ ტრამპმა კონგრესში ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი წაიკითხა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს მინერალებზე შეთანხმებას.

„დღეს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მივიღე. წერილში წერია: „უკრაინა მზადაა მოვიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე, რათა მოახლოვდეს ხანგრძლივი მშვიდობა. მან თქვა, რომ არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად.

მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტი ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ, რათა მივაღწიოთ მშვიდობას, რომელიც შენარჩუნდება. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ, რამდენი დახმარება გაუწია აშშ-მა უკრაინას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. რაც შეეხება მინერალებისა და უსაფრთხოების შეთანხმებას – უკრაინა მზად არის, მას ხელი მოაწეროს თქვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს“.

„მე ვაფასებ, რომ ზელენსკიმ ეს წერილი გამომიგზავნა“, – თქვა დონალდ ტრამპმა.

რუსეთ-უკრაინის შესახებ დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ „დაუღლელად მუშაობს, რათა დაასრულოს ეს უაზრო ომი უკრაინაში”.

„დროა, დასრულდეს ეს სიგიჟე“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, მოდის სიგნალები, რომ „რუსეთი მზად არის მშვიდობისთვის“.

დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლა კონგრესში 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა და დემოკრატების პროტესტისა და ხმაურის ფონზე ჩაიარა.

სიტყვით გამოსვლის დაწყებიდან 5 წუთში დემოკრატ კონგრესმენ ალ გრინს დარბაზი დაატოვებინეს ტრამპისთვის ხელის შეშლის გამო. ის დარბაზში სკანდირებდა.

პარალელურად, სხვა დემოკრატებს ხელში ეკავათ ბანერები წარწერით: „ეს ყველაფერი ტყუილია“.

დემოკრატ ქალებს ეცვათ ვარდისფერი პიჯაკები, ზოგ მათგანს ჰქონდა წარწერა: „გაწიეთ წინააღმდეგობა“.

დემოკრატმა სენატორმა, ელისა სლოტკინმა მიჩიგანიდან ტრამპი დაადანაშაულა „თავისი მილიარდერი მეგობრებისთვის უპრეცედენტო საჩუქრების გაკეთებაში“ და თქვა, რომ „მან შესაძლოა ქვეყანა რეცესიამდე მიიყვანოს“.

აშშ-ში სენატისა და კონგრესის უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ. დემოკრატებმა დარბაზი თავად დატოვეს პროტესტის ნიშნად.

ტრამპმა თქვა, რომ მას არაფრის გაკეთება შეუძლია „დემოკრატების გასაღიმებლად“.

დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლის დროს ილაპარაკა გრენლანდიაზე, კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი დაინტერესება მისი შეძენით და მიმართა იქ მცხოვრებ ადამიანებს: „ჩვენ შეგვიძლია, თქვენ მდიდრები გაგხადოთ”.

„გრენლანდიას, ასე თუ ისე, მაინც მივიღებთ.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, განსაზღვროთ თქვენი მომავალი. და თუ აირჩევთ, ჩვენ მივესალმებით თქვენს ყოფნას ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აქ არის მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობა, არის ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მიწა და ძალიან, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო უსაფრთხოებისთვის. ვმუშაობთ ყველასთან გრენლანდიის მისაღებად“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გრენლანდია დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა.

სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა დიდი დრო დაუთმო ფედერალური ბიუროკრატიის ზომის შემცირებას და ილონ მასკის „მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს“ [DOGE]. ტრამპმა მასკს მადლობა გადაუხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, DOGE-ს მუშაობა მისი ეკონომიკური დღის წესრიგის ნაწილია.

დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლაში დიდი დრო დაეთმო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკასაც.