აშშ-ის საელჩო საქართველოში აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან თექვსმეტი წელი გავიდა. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს. რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერს აშშ-ის საელჩო.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
2021 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.
სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა. ასევე დაადგინა გადაადგილების თავისუფლების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაც.