აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების I ფაზას დააფინანსებს

პუბლიკა

აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს, – პროექტის ფარგლებში 100 000 დოლარს გამოყოფს ჯვრის მონასტრის ფასადის დაზიანების დონის დასადგენი კვლევისთვის.

საელჩოს ცნობით, პროექტის ფარგლებში 100 000 დოლარი გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, შემდეგი სამუშაოებისთვის: პროექტის საკონსერვაციო ციკლის პირველი ფაზის ფარგლებში ჩატარდება ყოვლისმომცველი კვლევა ფასადის დაზიანებისა და განადგურების დონის დადგენის, კლასიფიკაციისა და შემდგომი გეგმის შემუშავების მიზნით.

ჯვრის მონასტერი მცხეთის ისტორიული მონუმენტების ნაწილია და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა მსოფლიოს მასშტაბით 125-ზე მეტ ქვეყანაში, უკვე 1000-ზე მეტი პროექტი დააფინანსა. მისი წვლილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში დაახლოებით 74 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოში ფონდმა 19 პროექტი დააფინანსა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს.