აშშ-ის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ყველას მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ.

„როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკის საელჩომ დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის გაძლიერებისთვის. ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ, რათა ჩვენს საერთო ვალდებულებებთან თანხვედრაში გაგრძელდეს წინსვლა საქართველოს დემოკრატიული განვითარების განსამტკიცებლად.

ჩვენ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის მიღების მნიშვნელობას, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს 2017-2018 წლების არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, იმისთვის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე შეიქმნას უფრო თანაბარი გარემო საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის ხელშესაწყობად“, – აღნშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

პარლამენტის შენობასთან კენჭისყრის პარალელურად მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობდა.

მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში პარლამენტის წინ სიტყვით გამოდიან და მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, აქცია დღეს, 7 საათზე პარლამენტის წინ დაიწყება.