ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჯვრის მონასტრის კონსერვაციის მეორე ეტაპისთვის 506 000 დოლარს გამოყოფს. აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ფონდმა საქართველოში 20 პროექტი დააფინანსა, რაზეც გამოიყო 2 მილიონ დოლარზე მეტი.
„აშშ-ის საელჩო ამაყობს, რომ დააფინანსებს ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის გამაგრების სამუშაოებს. დღეს გამოცხადდა გრანტის გადაცემა, რომელიც გამოყო ამერიკის ელჩის კულტურის დაცვის ფონდმა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ფონდმა საქართველოში დააფინანსა დაახლოებით 20 პროექტი, რომლებზეც გამოიყო ორ მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო ეს გრანტი, რომელიც ჯვრის მონასტრის სამუშაოებზე გამოიყო, არის ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი. საქართველოში ეკლესიები და ისტორიული ძეგლები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის საზოგადოების ისტორიაში და ჩვენ ვამაყობთ და გვიხარია, რომ შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი დაცვისა და შენარჩუნების საქმეში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოებზე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი მუშაობს. გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის პროექტი ითვალისწინებს მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საფასადო წყობის ქვების კონსერვაციასა და რესტავრაციას.
ცენტრში აცხადებენ, რომ პროექტის განსახორციელებლად 2019 და 2020 წლებში ორჯერ გამოიყო აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დიდი გრანტი.
„მცხეთის ჯვრის სულიერი, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა კარგად არის ცნობილი. მისი დიდი ტაძარი, აგებული 586-605 წლებში, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესი ნიმუშია. მცხეთის ჯვარი არის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რაც ზრდის მის საერთაშორისო მნიშვნელობას. საუკუნეთა განმავლობაში მცხეთის ჯვრის ტაძრის სამშენებლო მასალამ საგრძნობი დაზიანება განიცადა ქარის, ნალექებისა და ბიოლოგიური მიკროორგანიზმების ზემოქმედებით“, – აცხადებენ ცენტრში.
მათი თქმით, 2019 წელს აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა გამოყო დაფინანსება $ 100 000 პროექტის პირველი ეტაპისათვის, რომელიც ითვალისწინებდა მცხეთის ჯვრის ტაძრის შენობის ყოველმხრივ მულტიდისციპლინარულ კვლევას და ამ კვლევის საფუძველზე საკონსერვაციო პროექტის მომზადებას, რაც სრულდება.
მეორე ეტაპისათვის, რომელიც გულისხმობს ფიზიკური სამუშაოების ჩატარებას მომზადებული საკონსერვაციო პროექტის შესაბამისად, რაც გულისხმობს ჯვრის დიდი ტაძრის საფასადო წყობის ქვების კონსერვაციასა და რესტავრაციას. ეს ეტაპი მოიცავს 30 თვეს (30 სექტემბერი, 2020 – 31 მარტი, 2023).