აშშ-ის საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება − მურუსიძე

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების თემით გაიხსნა.

განცხადება გააკეთა სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, ვინაიდან, საქმე არ არის კორუფციაში.

კორუფცია არის აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა. ბრალდება თითიდან გამოწოვილია და ვერ წარმოადგენენ მტკიცებულებებს.

ნამდვილი მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, მცდელობები იყო დასაწყისში არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდეგ ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ სასამართლო კლანზე, მაგრამ შედეგს რომ ვერ მიაღწიეს, ვერ მოახერხეს სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება, სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, გაეკონტროლებინა სასამართლო, მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

ქალბატონი დეგნანი კონკრეტულ საქმეებზე გამოდიოდა და იძახდა, რომ სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე უკანონოა და არაა დასაბუთებული. ჩემთვის გასაკვირი იყო ყოველთვის, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულ საქმეებში. აქ ჩანდა მისი მიზანი. ამ სანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი, რომ, თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ  ელჩისა და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვისაა მისაღები და შეესაბამება მის პოლიტიკას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს“, − განაცხადა მურუსიძემ.

მურუსიძემ გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მაგალითიც მოიყვანა. მისი თქმით, ამ საქმეზე გადაწყვეტილების შემდეგ ჩხიკვაძეს საელჩოს წარმომადგენლებმა განმარტება მოსთხოვეს, სანქციის სახით კი აშშ-ში პროგრამიდან მოხსნეს.

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ იმ მოსამართლეზე, რომელმაც ჩხიკვაძეს სოლიდარობა გამოუცხადა, ზეწოლა და ბულინგი იყო, თუმცა მან მოსამართლის გვარი არ დაასახელა.

მოსამართლე ამტკიცებს, რომ პირადად მასთან წლების განმავლობაში მიდიოდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და ეუბნებოდნენ, იუსტიციის საბჭოში რომელი მოსამართლე იქნებოდა მათთვის სასურველი ან რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო საბჭოს, როდის უნდა გამართულიყო მოსამართლეთა კონფერენცია და სხვა.

„არის მტკიცებულებებიც, მაქვს. შესაბამისად, როცა საჭიროდ ჩავთვლი (ჩარევები, როცა ხდებოდა საელჩოს მხრიდან), საზოგადოება ამას ნახავს.

რეალურად, ახლა ხდება ჩვენი ოჯახების მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან, ქართული სტაფის მხრიდან, ჩხეიძის ხელმძღვანელობით, რომელსაც 25-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს, მაგრამ სასამართლოს კეთილდღეობისთვის არ იყენებენ ამას; იყენებენ სასამართლო სისტემაში დაპირისპირებისთვის, რომ შექმნილიყო არაჯანსაღი სიტუაცია; ამას ცდილობდნენ მუდმივად. თვითონ ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლო-სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს, რაც წარმოუდგენლად მიმაჩნია. ცდილობდა, გავლენა მოეხდინა და დაპირისპირება გამოეწვია.

არასამთავრობოების ჟივილ-ხივილი ისმის, სასამართლოში წავა დაპირისპირებაო. იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემ მიმართ, ის მიზანი, რასაც სანქციები ითვალისწინებდა, რომ მომხდარიყო არეულობა და სასამართლოს დაქვემდებარება საელჩოსადმი, მეეჭვება, რომ მოხდეს, თუმცა ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ, იმდენად დიდი მიზანია მათი, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში, ეს მიმდინარეობს წლების განმავლობაში და რაც ვერ მოახერხეს არასამთავრობოებმა, პარტიებმა, რაც ხდებოდა ამ წლებში, რომ ამოეწურათ იმედი და მიხვდნენ, იმ ძალებით სასამართლოს დაქვემდებარება და მიტაცება რომ ვერ მოხდებოდა, საბოლოოდ… მე ვიმეორებ, აშშ-ის საელჩოს უნდა სასამართლოს ხელისუფლების მისაკუთრება“, − განაცხადა მურუსიძემ.

მურუსიძემ ეჭვი გამოთქვა, რომ აშშ-ის საელჩო მის ტელეფონს უსმენს.

მისი თქმით, ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „მართლმსაჯულება არ არის ღამე განხორციელებული ზარებიო და ქრთამის მიცემა“. მოსამართლის სიტყვებით, თუ ელჩმა იცის, რომ ის ღამე სადმე რეკავს, იმას ნიშნავს, რომ მას უსმენენ.

„ვთხოვ ქალბატონ ელჩს, თუ ტელეფონზე მისმენენ და იციან, რომ ღამე ზარებს ვახორციელებ, გამოაქვეყნონ“, − აღნიშნა მან.

როგორც ლევან მურუსიძე ამბობს, მთავარი არ არის ის, რომ მას სანქციები დაუწესდა. − „ამას მე თავს გავართმევ“, − ამბობს ის. − მთავარია, რომ კორუფციის მტკიცებულება არ არსებობს და სინამდვილეში საელჩოს „წლების განმავლობაში აქვს გამალებული მცდელობა, მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება“.

„არ არის მნიშვნელოვანი, ლევან მურუსიძეს სანქციები ექნება თუ არა, მნიშვნელოვანია, საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი და აშშ-მა არ მიიტაცოს (საელჩომ) სასამართლო ხელისუფლება, რაც მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, თუ დაინტერესდებით“, − განაცხადა მან.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა იუსტიციის საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანს, ვალერი ცერცვაძეს.