ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და სომხეთსა და აზერბაიჯანს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„აშშ უმკაცრესად გმობს ძალადობის ესკალაციას. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ესაუბრა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რათა მოუწოდოს მათ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, გამოიყენონ პირდაპირი კომუნიკაციის მოქმედი არხი, რათა ესკალაცია არ გაგრძელდეს და მოერიდონ უსარგებლო რიტორიკასა და ქმედებებს, რაც ტემპერატურას კიდევ უფრო ზრდის“, – წერია განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ძალადობის ესკალაციაში გარე ძალების მონაწილეობა უსარგებლო იქნება და დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის. აშშ მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, გუშინდელი სამხედრო მოქმედებების შედეგად მათ დაიკავეს 6 სოფელი, გაანადგურეს მოწინააღმდეგის პოზიციები და აიღეს რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა კიდევ ერთი სოფლის დაკავება მოახერხა. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებული დაპირისპირების შემდეგ, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი გაიმართა ილჰამ ალიევსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის. ასევე სატელეფონო საუბარი გამართეს აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა.
ხოლო რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. მოგვიანებით კი სერგეი ლავროვი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელაპარაკა.
მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება გუშინ დილით დაიწყო. სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იერიში პირველად, 07:10 საათზე აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მიიტანეს. აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ დაპირისპირება სომხეთის მეირ მოწყობილი პროვოკაციით დაიწყო და აზერბაიჯანელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ.
გუშინ დილას დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლი. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ჩამოაგდეს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი და სამხედრო ვერტმფრენი, ასევე გაანადგურეს რამდენიმე ტანკი. უწყება 2 აზერბაიჯანული ტანკის აფეთქების ვიდეოსაც ავრცელებს. აზერბაიჯანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მათაც არაერთი სომხური სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.