აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2 ივნისს დაკავებულებზე განცხადება გააკეთა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ პრესბრიფინგზე პრესსპიკერს ჰკითხეს, ადევნებს თუ არა თვალს თბილისში მიმდინარე პროტესტს და სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის წინააღმდეგ მთავრობის ქმედებებს, რაზეც პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ აკვირდება ორ ივნისს დაკავებულთა საქმეებს, განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა კი ევროპული ღირებულებებისთვის შეუსაბამოა.

„თბილისში შტატების საელჩომ შაბათ-კვირას უკვე გაავრცელა განცხადება ამის შესახებ და მეც გავიმეორებ, რაც მათ თქვეს – ახლოდან ვაკვირდებით 2 ივნისს დაკავებულთა საქმეებს, რომლებიც პარლამენტის წინ მშვიდობიანად აპროტესტებდნენ. მშვიდობიანი პროტესტის უფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ძირითადი უფლება და დემოკრატიის ფუნდამენტი. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკური ღირებულებებისთვის, ევროპული ქვეყნების ოჯახისთვის, რომელთან შეერთებაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს“, – განაცხადა პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა.

ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, აპირებს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ზომების მიღებას იმ ფონზე, როცა უკრაინამ „ჯორჯიან ეარვეისი“ დასასანქცირებელ სიაში შეიყვანა.

პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ის სახდეპის სამომავლო ნაბიჯებს ვერ განიხილავს.