აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონს ოპოზიციის ლიდერები ხვდებიან

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ერიკა ოლსონს ხვდებიან.

შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის ლიდერებმა  ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ერიკა ოლსონთან ისაუბრებენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

შეხვედრაზე მივიდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, ასევე პარლამენტარები სალომე სამადაშვილი და ხათუნა სამნიძე. დაგეგმილია შეხვედრა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთანაც.

„უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი გვაქვს, ამის იქით რა უნდა იყოს. ამ კრიზისიდან გამოსავალი გვჭირდება. გუშინ რაც მოხდა, არის პირდაპირი ძალადობა, ყოველგვარი წესებისა და ნორმების დარღვევა და ეს არის ნაბიჯი „ქართული ოცნების“ მხრიდან მეტი რადიკალიზაციისკენ. ეს არ არის ნაბიჯი მიმართული იქითკენ, რომ სიტუაცია დამშვიდდეს. ამიტომ, ამ ყველაფერზე გვექნება საუბარი, გავაცნობთ ჩვენეულ ხედვას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ერიკა ოლსონს გუშინ „ქართული ოცნების“ ლიდერები და მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ.


გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 საპატიმროდან გადაიყვანეს. ოფიციალური წყაროები რამდენიმე საათის განმავლობაში არ ამბობდნენ, სად გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 26 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ წერილში ნათქვამი იყო, რომ როგორც არ უნდა დამძიმებულიყო მისი მდგომარეობა, უარს აცხადებდა გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანაზე.

მიხეილს სააკაშვილთან გლდანის ციხის კლინიკაში იმყოფებოდა ომბუდსმენის წარმომადგენელი და თავად ომბუდსმენი ნინო ლომჯარია. მათი განცხადებით, როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ძალის გამოყენებით შეიყვანეს გლდანის ციხის კლინიკაში. ადვოკატებს არ მიეცათ საშუალება, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოენახულებინათ.

პარალელურად აქცია მიმდინარეობდა მთავრობის კანცელარიასთან. მოქალაქეები შეიკრიბნენ გლდანის ციხესთანაც. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც წერს, რომ გლდანის კლინიკაში ის მოტყუებით გადაიყვანეს. „მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.