აშშ-ის სანქციების კოორდინატორი: საქართველოს გავლით რუსეთში ელექტრონული ნივთების ტრანზიტი მომატებულია

პუბლიკა

აშშ-ის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ობრაიენი აცხადებს, რომ საქართველოს გავლით რუსეთში ელექტრონული ნივთების ტრანზიტი მომატებულია.

ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ის ამბობს, რომ  კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის.

ჟურნალისტის შეკითხვაზე არის თუ არა საქართველო იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ნებით თუ უნებლიედ ხელს უწყობს რუსეთს და მათ ამ ძალიან მგრძნობიარე ელექტრონიკის მოპოვებაში ეხმარება?

ჯიმ ობრაიენი პასუხობს, რომ:

„ვიტყოდი, რომ ფინანსური სანქციების მხრივ, საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს სანქციებს. თუმცა, ჩვენ ვნახეთ ელექტრონული ნივთების საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის მომატება. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო სადღაც წლის ბოლომდე – იმ დრომდე, სანამ ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის წევრებმა ამ საქონელზე შეზღუდვები დააწესეს. ჩვენ მოველით რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან სწრაფად შემცირდება. იმედი მაქვს, რომ ბიზნესები, რომლებიც ამ სახის ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი, მიხვდებიან, რომ ეს მუშაობდა დროის ერთ მომენტში, რომელიც ახლა დასრულდა და რომ ეს ახლა უნდა შეწყდეს.“

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველო შეუერთდა რუსეთისთვის დაწესებულ საბანკო სისტემასთან დაკავშირებულ ფინანსურ სანქციებს, თუმცა არ შეუერთდა ეკონომიკურ სანქციებს.