ამერიკის სავაჭრო პალატა რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ის დააზარალებს უცხოური დახმარებით განხორციელებულ პროგრამებს, ასევე, ამ პროგრამებში ჩართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დააბრკოლებს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირის წევრობისკენ და დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და, ზოგადად, საინვესტიციო გარემოს.
აშშ-ის სავაჭრო პალატის განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტები, რომლებსაც საქართველოს ისეთი პარტნიორები აფინანსებენ, როგორებიცაა ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას ეკონომიკურად, განათლების, ჯანდაცვის, საჯარო მმართველობისა და სხვა მხრივ.
„ეს პროექტები ემსახურება საქართველოს განვითარების საჭიროებებს და დაფინანსებულია საქართველოს მოკავშირეების მიერ. მათთვის „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ იარლიყის მიკუთვნება აკნინებს ამ პროექტების სანდოობას. ბევრი ორგანიზაცია უარს იტყვის ასეთ იარლიყზე და დაიხურება. ეს კი ცალსახად საზიანო იქნება საქართველოსთვის”. – წერია განცხადებაში.
სავაჭრო პალატა ასევე მიუთითებს, რომ რუსული კანონი მნიშვნელოვნად გაართულებს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.
ის ასევე მიიჩნევს, რომ კანონი გამოიწვევს უცხოელების სტიგმატიზაციას და შედეგად, ზიანი მიადგება საქართველოს შესაძლებლობას, მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები.
„უცხოური ინვესტიციები და გამოცდილება, რომელიც მას მოჰყვება, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს. აღნიშნული კანონი ყოველივე ამას რისკის ქვეშ აყენებს. ეს კანონპროექტი წარმოდგენილ იქნა, როგორც გამჭვირვალობის ზრდის მექანიზმი. თუ ესაა მიზანი, ბუნდოვანია, რატომ არის სამიზნე კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
გარდა ამისა, უცხოური დახმარების „უცხო გავლენად“ გამოცხადებას არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან. თუ მართლაც გამჭვირვალობაა ზრუნვის საგანი, უფრო შესაფერი ზომა შეიძლება ყოფილიყო ცვლილების შეტანა მართვისა და ფინანსური ანგარიშგების არსებულ წესებში”. – წერია განცხადებაში.
ამერიკის სავაჭრო პალატა წერს, რომ კანონი ასევე არ არის თავსებადი გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებთან.
ამიტომაც, პალატა მოუწოდებს ირაკლი კობახიძეს, გაიხმოს კანონი შეძლებისდაგვარად დაჩქარებულ ვადებში.