აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო

პუბლიკა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო. ძალაში შესასვლელად, MEGOBARI აქტს კენჭი ჯერ სენატმა, ხოლო შემდეგ კონგრესმა უნდა უყაროს.

სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც MEGOBARI ACT-ის თანაავტორია, აცხადებს, რომ აქტის დამტკიცება მკაფიო მესიჯია ქართველი ხალხისთვის. მისი თქმით, მათ აქვთ იმედი, რომ ამ გადაწყვეტილებაში ხალხი დაინახავს პოზიტიურ სიგნალს.

„ჩვენ დავამტკიცეთ მეგობარი აქტი, ეს არის მკაფიო მესიჯი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, რომ შეინარჩუნონ დემოკრატიული მომავალი. მთავრობა არ სცემს პატივს კონსტიტუციას, ქართულ ტრადიციებს და და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენს ამ გადაწყვეტილებაში ხალხი დაინახავს პოზიტიურ სიგნალს, რომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ.

ეს გულისხმობს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას და მასაც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა“, — განაცხადა სენატორმა შაჰინმა [TV პირველის თარგმანი].

სენატორი კრის კუნსი ამბობს, რომ დოკუმენტს მხარი დაუჭირა და აფასებს სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის ნაბიჯებს საქართველოში დემოკრატიის დაცვისთვის.

„მე ვაფასებ სენატორ შაჰინისა და სენატორ რიშის ორპარტიულ ძალისხმევას, რომ დაიცვან დემოკრატია საქართველოში, რომელიც გრძელდება წნეხის მექანიზმებით. მეც დავუჭირე ამ დოკუმენტს მხარი. ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ღია შესაძლებლობას თავადვე განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. სენატორები ყველა პარტიიდან, ყველა ამ ქვეყანაში ყურადღებით აკვირადება მოვლენების განვითარებას საქართველოში.

რაც შეეხება მთავრობას, მათ უნდა იცოდნენ, რომ რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც აკვირდებიან მათ ყველა ნაბიჯს, რომელიც მიმართულია მედიაზე ზეწოლისთვის, რეპრესიებისთვის. ავტორიტარიზმისკენ სვლას ექნება ამერიკის მკაფიო რეაქცია“, — თქვა სენატორმა კუნსმა [TV პირველის თარგმანი].

MEGOBARI ACT ითვალისწინებს:

  • ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სრულფასოვანი გადახედვის ინიციირებას, დახმარების პროგრამების ჩათვლით;
  • ქვეყნის კონსტიტუციურად გამყარებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას;
  • პრეზიდენტისთვის ვალდებულების დაკისრებას, რომ დააწესოს სანქციები „ქართული ოცნების” ოფიციალური პირებისა და მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობს და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაფერხებლად ჩართულია კორუფციულ საქმიანობაში, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულია სხვა სახის კორუფციულ საქმიანობებში, რაც საქართველოს სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებს;
  • ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როცა საქართველო ხელახლა დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას;
  • რუსეთის მიმდინარე და უკანონო ოკუპაციის ფონზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას;