აშშ-ის სენატში MEGOBARI ACT წარადგინეს – ორპარტიული კანონპროექტის თანაავტორები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში და სენატორი, ჯინ შაჰინი არიან.
სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, ეს კანონპროექტი მკაფიო გზავნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ აშშ მხარს უჭერს მათ ამ ბრძოლაში.
„საქართველოს მეგობრები მსოფლიოს მასშტაბით შეშფოთებულები არიან მთავრობის სვლით ავტორიტარიზმისკენ და პრო-დემოკრატიული დემონსტრანტების ძალადობრივად დარბევის გამო”, – აღნიშნა მან.
ამასთან, სენატორი ჯინ შაჰინი აღნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა საკუთარი ევროატლანტიკური მისწრაფებები და აშშ-მა უნდა გააგრძელოს მათი მხარდაჭერა:
„მე მოხარული ვარ ხელახლა წარვადგინო ეს ორპარტიული და ორ პალატას შორის შეთანხმებული კანონპროექტი თავმჯდომარე რიშთან ერთად, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს „ქართული ოცნების” მთავრობის კონსტიტუციური დარღვევებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ფონზე”.
MEGOBARI ACT ითვალისწინებს:
- ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სრულფასოვანი გადახედვის ინიციირებას, დახმარების პროგრამების ჩათვლით;
- ქვეყნის კონსტიტუციურად გამყარებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას;
- პრეზიდენტისთვის ვალდებულების დაკისრებას, რომ დააწესოს სანქციები „ქართული ოცნების” ოფიციალური პირებისა და მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობს და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაფერხებლად ჩართულია კორუფციულ საქმიანობაში, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულია სხვა სახის კორუფციულ საქმიანობებში, რაც საქართველოს სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებს;
- ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როცა საქართველო ხელახლა დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას;
- რუსეთის მიმდინარე და უკანონო ოკუპაციის ფონზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას;