„აშშ-ის შეშფოთება არის ორპარტიული" - სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის განცხადება

პუბლიკა

საქართველოში ვიზიტის შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა განცხადება გაავრცელეს. შაჰინი ამბობს, რომ დემოკრატიული უკუსვლისა და აშშ-ის წინააღმდეგ ცრუ განცხადებების ფონზე უმოქმედოდ არ ისხდებიან. ის აღნიშნავს, რომ ვითარების გამოსწორებისთვის პირველი ნაბიჯს საქართველოს მთავრობისგან ელიან.

„მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორიც რუსეთია, რომელიც 16 წლის წინ საქართველოში შეიჭრა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლების მიმართ ჰქონდეთ ისეთი ქვეყანა, რომელსაც საკუთარი მომავლის განსაზღვრა შეუძლია. მთავრობასა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ჩვენი შეხვედრების დროს დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის მიმართ ქართველი ხალხის მისწრაფებებისადმი

თუმცა ჩვენ, ასევე, ცხადად დავაფიქსირეთ, რომ არ ვისხდებით უმოქმედოდ დემოკრატიული უკუსვლისა და აშშ-ის წინააღმდეგ ცრუ განცხადებების პარალელურად. ჩვენ უნდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი მცდელობები უცხოური აგენტების კანონის გაუქმებისკენ სამუშაოდ – კანონის, რომელსაც ევროკავშირის წევრობის გზაზე წინსვლისთვის უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. ვითარების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველით მათ შემოთავაზებას“, – აღნიშნა ჯინ შაჰინმა.

რაც შეეხება კონგრესმენ მაიკ ტერნერს, ის ამბობს, რომ შეშფოთება, რომელსაც საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო აშშ-ში განიცდიან ორპარტიული და ორპალატიანია.

„აშშ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ ბოლოდროინდელმა განვითარებამ აშშ-სა და ევროკავშირში მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია. სენატორმა შაჰინმა და მე ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება არის ორპარტიული და ორპალატიანი. მეტიც, აშშ-ის პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ის ადმინისტრაციაში ცვლილების მიუხედავად.

აუცილებელია, რომ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. მე მადლობელი ვარ სენატორი შაჰინის მისი ურყევი ერთგულებისთვის აშშ-საქართველოს ურთიერთობისადმი, ასევე, მოწვევისთვის, რომ ამ გადამწყვეტ დროს მასთან ერთად ვიზიტში მიმეღო მონაწილეობა”, – აღნიშნა მან.

9 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ეწვივნენ. ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდნენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.