აშშ-ის თავდაცვის მდივანი გერმანიაში 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას შეხვდება

პუბლიკა

დღეს გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის წარმომადგენელს შეხვდება. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, კონფერენციაზე უკრაინისთვის ისეთი სამხედრო დახმარების გაწევას განიხილავენ, რომ ქვეყანამ სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს.

ლოიდ ოსტინი გერმანიაში უკრაინიდან ჩავიდა, სადაც სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან ერთად უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. კიევში ზელენსკისთან მათ უკრაინისთვის დამატებით სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მიწოდების შესახებ ისაუბრეს.

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის გენერალ მარკ მილის თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანი უკრაინისთვის დახმარების სინქრონიზება იქნება. მათ შორის მძიმე ტექნიკის, ჰაუბიცებისა და დრონების სინქრონულად მიწოდება.

„მომდევნო კვირები ძალიან, ძალიან კრიტიკული იქნება. მათ სჭირდებათ განგრძობითი დახმარება, რომ ბრძოლის ველზე წარმატება მოიპოვონ. სწორედ ესაა ამ კონფერენციის მიზანიც“, – თქვა მარკ მილიმ.