აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ერევანში ჩავიდა

პუბლიკა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ერევანში ჩავიდა.

სომხეთში ვენსი სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

ვიცე-პრეზიდენტი ერევანში ცოლთან და შვილებთან ერთად გაემგზავრა. აეროპორტში მას ერევნის მერი ტიგრან ავინიანი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი დახვდნენ.

აეროპორტიდან ჯეი დი ვენსი სომხეთის საპრეზიდენტო სასახლეში გაემართა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გაიმართა მათი ერთობლივი პრესკონფერენციაც. დაგეგმილია გაფართოებული შეხვედრა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთში 9-10 თებერვალს დარჩება.

ჯეი დი ვენსის მთავარი განსახილველი საკითხი სომხეთში „მშვიდობის გზაჯვარედინი“, იგივე TRIPP-ის (ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) იქნება.

2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ჩარჩო-ხელშეკრულებას სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ. ნახჭევანი თურქეთს ესაზღვრება.

დერეფანმა აზერბაიჯანი ნახჭევანის ექსკლავთან უნდა დააკავშიროს. აშშ-მა მიიღო უფლება, განავითაროს დერეფანი აზერბაიჯანსა და ნახჭევანს შორის.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კონსტანტიანმა განაცხადა, რომ ვენსის ვიზიტს მოჰყვება ერევანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაღრმავება, რაც მათ თანამშრომლობის მეტი სფეროს აღმოჩენის საშუალებას მისცემს.

ვენსის ვიზიტის პარალელურად სომხეთის საპრეზიდენტო სასახლესთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – მოქალაქეები მოითხოვენ ბაქოში უკანონოდ დაპატიმრებული სომეხი მოქალაქეების გათავისუფლებას.

ერევნის შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ბაქოში გაემგზავრება.

ჯეი დი ვენსი არ ჩავა საქართველოში, რომელიც წარსულში რეგიონში აშშ-ის მთავარი მოკავშირე იყო. აშშ-საქართველოს ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა თბილისის დემოკრატიული უკუსვლისა და პრორუსული ორიენტაციის შესახებ განაცხადეს. 2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, ხოლო 2024 წლის 27 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს აშშ-მა სანქციები დაუწესა.