აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა

პუბლიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ეს აქტი საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას.

„აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) 2021 წლის 8 თებერვალს წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგინეს. კანონპროექტს ამ ეტაპზე სულ 19 თანასპონსორი ჰყავს, როგორც დემოკრატიული, ასევე, რესპუბლიკური პარტიიდან.

ეს აქტი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე“, – ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამ საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო აქტის მიღებით კვლავ დასტურდება და იზრდება ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძალა.

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას და კონგრესმენებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.