საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის საკუთარი ვერსია. აქტი 2023 ფისკალური წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
საგარეო უწყების განცხადებით, ამ კანონპროექტის ფარგლებში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კონგრესმენ ოსტინ სკოტის მიერ ინიციირებული და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადამ სმიტის მიერ წარდგენილი შესწორება, რომელიც მოიცავს აშშ-ის კონგრესის ხედვას საქართველოსთან მიმართებით.
თავდაცვის ავტორიზაციის აქტის დამტკიცებულ შესწორებაში ნათქვამია, რომ საქართველო შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორია, საერთო ღირებულებებით. აშშ კი ეხმარება ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
„ხაზგასმულია, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებისა და სტრატეგიული ინტერესებისთვის შავი ზღვის რეგიონში.
კანონპროექტის თანახმად, საქართველო მნიშვნელოვანი ეკონომიკური, ენერგოტრანზიტისა და ვაჭრობის საერთაშორისო ჰაბია და როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განუყოფელ ნაწილს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და მომარაგების სტრატეგიული მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით.
აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი რეგიონის უკანონო ოკუპაცია, დე ფაქტო ანექსიის მცდელობები და ჰიბრიდული ომის ტაქტიკა საქართველოს ეროვნული და მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს“, – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, შესწორებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მა უნდა:
- განამტკიცოს მხარდაჭერა და გადადგას ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაღრმავების მიმართულებით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით და აშშ-ისა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად.
- განაგრძოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
- გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციის გზით, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
- განაგრძოს ძლიერი მხარდაჭერა და არსებითი მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად და საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად.
- განაგრძოს პრესის თავისუფლების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობა, რათა დაეხმაროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
- პრიორიტეტად დასახოს და გააღრმავოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) იმპლემენტაციის, საქართველოს აღჭურვილობის მოდერნიზაციის გეგმების გაზრდილი დაფინანსების გზით, რათა განმტკიცდეს საქართველოს შეკავების, ტერიტორიული თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობები, ასევე, ნატო-სთან თავსებადობა.
- შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მხარი დაუჭიროს არსებულ და ახალ თანამშრომლობის ფორმატებს, რათა გაზარდოს ნატო-ს, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობა.
- გააძლიეროს კიბერ-სფეროში საქართველოს მხარდაჭერა, ტრენინგების, განათლების და ტექნიკური დახმარების გზით.
- განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტულ კამპანიებთან გამკლავების მიზნით, რომელიც მიმართულია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, მისი დემოკრატიული ინსტიტუტების სანდოობას და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
როგორც საგრეო უწყება წერს, კანონპროექტი თავდაცვის მდივანს ავალებს ანგარიშის წარდგენას, რომელშიც ასახული იქნება სტრატეგია და რესურსების გეგმები წვრთნისა და მოდერნიზაციის პროგრამების დასაჩქარებლად. განმარტებითი ანგარიში ასევე ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ ანგარიშის მომზადებას.
ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებამდე, საკუთარ ვერსიას დაამტკიცებს აშშ-ის სენატი, რის შემდეგაც კონგრესის ორივე პალატის ვერსიები შეჯერდება და პრეზიდენტს გადაეგზავნება.