აშშ-ისა და ბრიტანეთის საელჩოები ეხმაურებიან საქართველოში ბოლოდროინდელ ძალადობებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ.
აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ გმობს „ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას და მიუთითებს, რომ ეს არ ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე.
„შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ.
მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად – რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა. საქართველო უკეთესს იმსახურებს”, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ამასთან, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა, რომელმაც თქვა, რომ ბოლო დროს „შემაშფოთებელი” ფაქტების მომსწრე გახდა.
„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკანასკნელ დღეებში, უფრო მეტი ღრმად შემაშფოთებელი ფაქტების მომსწრენი გავხდით. ძალადობის განახლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ და ჟურნალისტებისა და მომიტინგეების თვითნებური დაკავება მიუღებელია. მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უზრუნველყოს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა.
საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, უნდა დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. სწორედ ამიტომ, დღეს, ევროპის საბჭოში, დიდი ბრიტანეთი შეუერთდა ევროპელ პარტნიორებს და მკაცრად დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ“, – აღნიშნა ელჩმა.
ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ. „პუბლიკის“ ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმის თქმით, გახარიას ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ბათუმში მყოფმა პარტიის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ თავდასხმაში „ოცნების“ წევრები დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ, მისი თქმით, ვერ ამბობენ დანამდვილებით სხვა გვარებს.
გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.