აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები უკრაინის საკითხზე აბუ დაბიში ხვდებიან

პუბლიკა

უკრაინის დედაქალაქ კიევზე წუხანდელ თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავის მხრივ, რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის თავდასხმას კრასნოდარსა და როსტოვზე ემსხვერპლა 3 ადამიანის სიცოცხლე.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 22 რაკეტა და 460-ზე მეტი დრონი გაუშვა. ამ დრონებიდან ოთხმა მოლდოვასა და რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

პარალელურად გრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

დღეს გაიმართება აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა აბუ დაბიში. ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურმა პირმა BBC-ის დაუდასტურა.

CBS-ის ცნობით, აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი უკვე აბუ დაბიშია და ერთი შეხვედრა უკვე გამართა 24 ნოემბერს. დაგეგმილია მორიგი შეხვედრა დღესაც. უცნობია, ვინ არის დელეგაციაში დენ დრისკოლთან ერთად.

მანამდე, 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრებზე აშშ-ს წარმოადგენდნენ დრისკოლი, ასევე სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. დენ დრისკოლი მანამდე კიევს ეწვია.

24 ნოემბრის საღამოს მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმაში ახლა აღარ არის 28 პუნქტი – არის უფრო ნაკლები.

უკრაინული მხარის ცნობით, ჟენევაში არ განხილულა უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობის საკითხი.

„სენსიტიურ საკითხებს პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრაზე განვიხილავ. უკრაინა არასდროს იქნება დაბრკოლება მშვიდობის გზაზე“. – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკი 24 ნოემბერს ესაუბრა ევროპელ პარტნიორებსაც.

„მთელი დღევანდელი დღე ევროპაში ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციას დაეთმო. მე უკვე ვესაუბრე ფინეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ნორვეგიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრებს. მადლობას ვუხდი ყველას მათი მკაფიო და გულწრფელი მხარდაჭერისთვის – ყველა იმ ინფორმაციისთვის, რომელიც გვეხმარება. უკრაინა მარტო არ არის და ეს მნიშვნელოვანია“. – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.